ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

23-09-2015

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების 58-ე შეხვედრა გაიმართა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი ირაკლი ბერაია და დეპარტამენტის წარმომადგენლები ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების რიგით 58-ე შეხვედრას დაესწრნენ. შეხვედრაზე ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა ისაუბრეს საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების, მავთულხლართებისა და ღობეების უკანონო აღმართვის ფაქტებზე, რაც უხეშად არღვევს ადამიანების უფლებებს და ზღუდავს მათი გადაადგილების თავისუფლებას. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტებზე ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით. ქართული მხარის წარმომადგენლებმა ასევე ისაუბრეს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტებზე საოკუპაციო ძალების საფრენი აპარატების მიერ და განაცხადეს,  რომ აღნიშნული ქმედება ცალსახად პროვოკაციულ ხასიათს ატარებს.

ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა  ასევე ისაუბრეს უგზო-უკვლოდ დაკარგულ გრიშა ნალბანდოვის საქმეზე და კიდევ ერთხელ მოითხოვეს, რომ საოკუპაციო ძალების და დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა გამოკითხონ ნალბანდოვის თანასოფლელები, რომლებიც მასთან ერთად იყვნენ დაკავებულნი და მის საქმესთან დაკავშირებით არსებით ინფორმაციას ფლობენ.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს დავით ბაშარულის საქმეზე. ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები ქართულ მხარეს დაჰპირდნენ, რომ ახლო მომავალში მოხდება ბაშარულის ცხედრის ექსპერტიზის  შედეგების გადმოცემა.

საუბარი ასევე შეეხო ქართულ დროშას, რომელიც მიმდინარე წლის 16 ივლისს სოფელ წითელუბანში საოკუპაციო ძალებმა და  დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოხსნეს და ოკუპირებულ ცხინვალში წაიღეს.  დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მომდევნო შეხვედრამდე დროშას ქართულ მხარეს დაუბრუნებენ.

მხარეებმა ასევე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების  წინა შეხვედრიდან დღემდე დაფიქსირებულ სხვადასხვა ინციდენტი განიხილეს.