ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

19-07-2016

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა გაიმართა.

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 68-ე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე განიხილეს ე.წ. საზღვრის მოწყობის უკანონო პროცესი და ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებების ფაქტები.

ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა ისაუბრეს მიმდინარე წლის 8 ივნისს დაკავებული გიორგი გიუნაშვილის საკითხზე. საოკუპაციო ძალებისა და დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა ქართულ მხარეს მიაწოდეს  ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თავდაპირველად გიუნაშვილი დააკავეს ე.წ. საზღვრის უკანონო  კვეთის ბრალდებით, თუმცა მოგვიანებით დე ფაქტო პროკურატურამ მის მიმართ აღძრა ე.წ. სისხლის სამართლის საქმე სხეულის მძიმე დაზიანების ფაქტზე. ქართულმა მხარემ დააფიქსირა პოზიცია, რომ აღნიშნული ბრალდება არის აბსურდული და სანამ გიორგი გიუნაშვილი უკანონო პატიმრობიდან არ გათავისუფლდება, მისი  საკითხი არ მოიხსნება არც ერთი ფორმატის დღის წესრიგიდან,  რომელშიც ცენტრალური ხელისუფლება მონაწილეობას იღებს.

ოსურმა მხარემ კიდევ ერთხელ დააყენა ე.წ. საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხი, რასთან დაკავშირებითაც ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან  დაფიქსირებული იყო მკვეთრად უარყოფითი პოზიცია, მით უფრო,  რომ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატი პოლიტიკური საკითხების განხილვას არ ითვალისწინებს.