$og_image = true; ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრა გაიმართა
ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

11-05-2017

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრა გაიმართა

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 77-ე შეხვედრა გაიმართა.

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებთან ის მნიშვნელოვანი ინციდენტები განიხილეს, რომელსაც  ადგილი ჰქონდა ბოლო ერთი თვის განმავლობაში ოკუპირებულ რეგიონებსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე. 

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ცხინვალის ე.წ. ციხეში უკანონოდ მყოფი საქართველოს მოქალაქე გიორგი გიუნაშვილის საკითხზე. ცენტრალური ხელისუფლების შეფასებით, გიუნაშვილის წინააღმდეგ გამოტანილი ე.წ. განაჩენი, ისევე როგორც წაყენებული ე.წ. ბრალდებები არის საფუძველმოკლებული, ხელოვნურად შექმნილი და სრულად პოლიტიზირებული. ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებთან მკაფიოდ დააფიქსირეს, რომ აუცილებელია გიორგი გიუნაშვილის უახლოეს პერიოდში უპირობოდ გათავისუფლება.  

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების და ღობეების აღმართვის შედეგად ადგილობრივებისთვის შექმნილ პრობლემებს. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მსგავსი სახის უკანონო ქმედებები, არღვევს ადგილობრივების ფუნდამენტურ უფლებებს და მნიშვნელოვნად აზიანებს ადგილზე უსაფრთხოების გარემოს. 

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა 2017 წლის 7 ივნისს გაიმართება.