ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

26-11-2017

სუს-ის უფროსი სპეცოპერაციის დროს დაღუპული სპეცრაზმელის დაკრძალვას დაესწრო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური  პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან და მთავრობის წევრებთან ერთად  ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს დაღუპული სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლის  ივანე გოლაშვილის დაკრძალვას დაესწრო.

სამოქალაქო პანაშვიდი ქაშუეთის წმინდა გიორგის ტაძარში გაიმართა. სუს-ის სპეცრაზმელი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.

გარდაცვლილი სპეცრაზმელის დაკრძალვის ხარჯები სახელმწიფომ სრულად გაიღო. 2015 წლიდან მოქმედი კანონის მიხედვით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული ივანე გოლაშვილის ოჯახს სახელმწიფო ერთჯერადად 100 ათასი ლარით დაეხმარება, ხოლო ყოველთვიურად - 1000 ლარით.

ვახტანგ გომელაურმა მედიასთან კომენტარი გააკეთა.

“მინდა, მივუსამძიმრო ოჯახს, ყველაზე დიდი დანაკლისი რა თქმა უნდა, ოჯახისთვის არის, ქვეყნისთვის კი თითოეული ვაჟკაცი მნიშვნელოვანია. ასევე მინდა, მადლობა გადავუხადო დაჭრილ ბიჭებს, ყველას, ვინც მიიღო მონაწილეობა სპეცოპერაციაში. ასევე მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და სასწრაფო სამედიცინო სამსახურის თანამშრომლებს გადავუხადო მადლობა, რომლებიც 20 საათის განმავლობაში უწევდნენ დახმარებას სპეცრაზმელებს. ასევე სახანძრო-სამაშველო ბრიგადებს, რომლებმაც დიდი შრომა გაწიეს”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.