ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

26-11-2017

გიორგი გიუნაშვილი ცხინვალის ე.წ ციხიდან გათავისუფლებულია

საქართველოს მოქალაქე გიორგი გიუნაშვილი, რომელიც ცხინვალის ე.წ. ციხეში თითქმის 18 თვის განმავლობაში იმყოფებოდა, გათავისუფლებულია და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს დღეს, 26 ნოემბერს  გადაეცა.

გიორგი გიუნაშვილი ამჟამად საკუთარ ოჯახში, იძულებით გადაადგილებულ პირთა დროებით დასახლებაში იმყოფება.მას სოფელ ერგნეთში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე კახაბერ ქემოკლიძე, ასევე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრის აპარატის და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები დახვდნენ და სახლში მიაცილეს.

გიორგი გიუნაშვილი 2016 წლის 8 ივნისს იქნა დაკავებული. მისი გათავისუფლების საკითხი მუდმივად განიხილებოდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებსა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ჯგუფის შეხვედრაზე სოფ.ერგნეთში.