ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

01-03-2018

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან შეხვედრის დატოვების საფუძველზე შეწყდა

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 85-ე შეხვედრაზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა, არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემის და ოკუპირებულ ახალგორში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ლევან ქუტაშვილის და იოსებ პავლიაშვილისთვის ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის შესაძლებლობის საკითხებზე ისაუბრეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა, დე-ფაქტო ხელისუფლებისგან, შეხვედრაზე დასმულ პრინციპულ საკითხებზე მკაფიო პასუხები ვერ მოისმინეს და დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხების განხილვაში მონაწილეობა აღარ მიიღეს.

„ძალიან რთული სხდომა იყო. ცხადია, დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენი მხრიდან ორი ძირითადი შეკითხვა დაისვა ტატუნაშვილის საქმის განხილვის კონტექსტში - როდის მოხდება ცხედრის  გადმოსვენება  და საქართველოს ორ მოქალაქეს როდის შეეძლება, დატოვოს ოკუპირებული ახალგორის ტერიტორია. სამსაათნახევრიანი დისკუსიის შემდეგ ჩვენ ფაქტობრივად, ვერც ერთ ზემოხსენებულ კითხვაზე მკაფიო პასუხი ვერ მივიღეთ. ამ ყველაფრის მოსმენის შემდეგ ჩვენ გადავწყვიტეთ, დროებით შევწყვიტოთ ეს სხდომა.   გამომდინარე იქიდან, რომ ცენტრალური მთავრობისთვის ტატუნაშვილის საქმეს - იმ ინციდენტს, რომელსაც ადგილი ჰქონდა 22 თებერვალს, უკიდურესად დიდი მნიშვნელობა აქვს, ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ ყველა სხვა მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა, მათ შორის, რომლებიც დღევანდელ დღის წესრიგში იყო წარმოდგენილი მაშინ, როდესაც იქნება პროგრესი ტატუნაშვილის ცხედრის ოჯახისთვის დაბრუნებასთან მიმართებაში“, - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ კახაბერ ქემოკლიძემ.