ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

06-03-2018

სუს-ის ადმინისტრაციის უფროსი საერთაშორისო კონფერენციაზე „ქალები პოლიციაში“ სიტყვით გამოვიდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის უფროსმა,მელანო ფანჯავიძემ,  აშშ-ის  სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) მიერ ორგანიზებული კონფერენციის “ქალები პოლიციაში“ მონაწილეებს სიტყვით მიმართა. კონფერენცია გახსნეს და მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოში აშშ-ის ელჩმა  იან კელიმ და შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ.

კონფერენცია მეშვიდე  წელია ტრადიციულად საქართველოში ტარდება.კონფერენციის მთავარი თემა სამართალდამცველების კვალიფიკაციის ამაღლება და პოლიციაში ქალის როლის წარმოჩენაა.

წელს კონფერენციას 13 ქვეყნის წარმომადგენელი პოლიციელი ქალები ესწრებიან.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ვმონაწილეობ ამ კონფერენციის გახსნაში. უკვე მესამედ იმართება ჩემი მონაწილეობით ეს კონფერეცია. ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან კარგი საშუალება საქართველოსთვის, რათა წარმოაჩინოს, როგორც, რეგიონალური პლატფორმა საერთაშორისო პროექტებისთვის, ასევე, თავისი ინკლუზიურობა და ღიაობა ქალთა ჩართულობის, უსაფრთხოებისა და მშვიდობის პროცესებში,"-განაცხადა აშშ-ის ელჩმა საქართველოში, იან კელიმ.

“ამ კონფერენციას ვმართავთ იმისთვის, რომ ნათლად ვაჩვენოთ, რამდენად მნიშვნელოვანია ქალების მონაწილეობა სამართალდამცავ უწყებებში. საზოგადოება ვერ იქნება შემდგარი ,თუ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მისი ყველა წევრის ჩართულობა არ იქნება უზრუნველყოფილი“- განაცხადა აშშ-ს საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის ბიუროს (INL) დირექტორმა  მაიკლ მაკმენმა.

„მოხარული ვარ,რომ საქართველო მეშვიდედ მასპინძლობს აღნიშნულ კონფერენციას, სადაც აქტიურ მონაწილეობას იღებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები.რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ქალის როლი და ჩართულობა საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში.მსურს, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ჩვენს ამერიკელ პარტნიორებსა და კოლეგებს ესოდენ მნიშვნელოვანი და საინტერესო ღონისძიებების ორგანიზებისათვის“- განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის უფროსმა, მელანო ფანჯავიძემ.