ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

02-10-2015

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის  საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი სამუშაო ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფებოდა  

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი ირაკლი ბერაია, გაეროს დანაშაულისა და მართლმსაჯულების რეგიონთაშორისი კვლევითი ინსტიტუტისა (UNICRI) და გერმანული მხარის მიწვევით, 2015 წლის 1 ოქტომბერს დიდი შვიდიანის მასობრივი განადგურების იარაღისა და მასალების გავრცელების წინააღმდეგ გლობალური პარტნიორობის (The G7 Global Partnership Against the Spread of Weapons and Materials of Mass Destruction) სამუშაო ჯგუფის შეხვედრას დაესწრო, რომელიც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში (ბერლინში) გაიმართა.

აღნიშნულ ღონისძიებაზე, სხვა საკითხებთან ერთად, განიხილებოდა საქართველოს წარმატებული გამოცდილება ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) უსაფრთხოების ეროვნული  საქმოქმედო გეგმის შემუშავებაში.  საქართველო პირველი ქვეყანაა ევროკავშირის ინიციატივის „ქბრბ რისკების შემცირების გამოცდილების გაზიარების ცენტრები“ ფარგლებში, რომელმაც აღნიშნული დოკუმენტი შეიმუშავა და დაამტკიცა.

საქართველო ყალიბდება, როგორც ქბრბ სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის რეგიონული ცენტრი.  2013 წლიდან თბილისში წარმატებით ფუნქციონირებს ევროკავშირის „ქბრბ რისკების შემცირების გამოცდილების გაზიარების ცენტრების“ თბილისის რეგიონული სამდივნო, რომელიც სამხრეთ კავკასიისა და სამხრეთ–აღმოსავლეთ ევროპის 9 ქვეყანას აერთიანებს. ჩვენი ქვეყანა მჭიდროდ თანამშრომლობს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, აშშ–სთან, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან (IAEA), გაერო-სთან, NATO-სა და ეუთოსთან ქბრბ უსაფრთხოების სფეროში.

სხვადასხვა ქვეყანა უკვე გამოთქვამს სურვილს, რომ  საქართველომ მათ გაუზიაროს საკუთარი გამოცდილება და დაეხმაროს შესაბამისი სამოქმედო გეგმების შემუშავებაში. აღნიშნულ შეხვედრაზე ასევე დაფიქსირდა საქართველოს მზადყოფნა შეუერთდეს დიდი 7 გლობალურ პარტნიორობას და ქბრბ სფეროში საკუთარი გამოცდილებით, კიდევ უფრო გაზარდოს თავისი წვლილი გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურაში.

ღონისძიების ფარგლებში ირაკლი ბერაიამ ასევე გამართა შეხვედრები დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, საქართველოს ქბრბ ეროვნული სამოქმედო გეგმის ცალკეული აქტივობების დაფინანსების მიზნით.