ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

08-10-2015

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან იზორიამ გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილ მაღალი დონის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

ნიუ–იორკში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შტაბ–ბინაში, გენერალური ასამბლეის 70–ე სესიის ფარგლებში, საქართველოს მთავრობისა და გაერო–ს რეგიონთაშორისი დანაშაულისა და მართლმსაჯულების კვლევის ინსტიტუტის (UNICRI) ორგანიზებით, გაიმართა ღონისძიება „ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების შემცირების ეროვნული სამოქმედო გეგმები საერთაშორისო უსაფრთხოების გამოწვევების საპასუხოდ და ხელოვნული ინტელექტის აქტუალობა“.

ღონისძიებაზე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დელეგაციას სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან იზორია ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგელობაშია ასევე საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი ირაკლი ბერაია.  ლევან იზორიამ სიტყვით მიმართა ღონისძიების მონაწილეებს და გააცნო ქბრბ უსაფრთხოების სფეროში საქართველოს მთავრობის ერთიანი მიდგომის შედეგად გადადგმული ნაბიჯები და სამომავლო ხედვები.  გამომსვლელთა შორის იყვნენ  გაერო-ში საქართველოს მისიის ხელმძღვანელი კახა იმნაძე, UNICRI-ს დირექტორი, ევროკავშირისა და ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის წარმოდგენლები, ფილიპინებისა და მაროკოს მისიის ხელმძღვანელები. სხვადასხვა საკითხებთან ერთად შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის პრიორიტეტები, ამოცანები და კონკრეტული ღონისძიებები. ღონისძიების ფარგლებში, ლევან იზორიამ ასევე გამართა შეხვედრები დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, საქართველოს ქბრბ ეროვნული სამოქმედო გეგმის ცალკეული აქტივობების დაფინანსების მიზნით.

ღონისძიებაზე კიდევ ერთხელ  ხაზი გაესვა ქბრბ უსაფთხოების პოლიტიკის განვითარების სფეროში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და სხვა ქვეყნებისთვის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობასა და აუცილებლობას.   შესაბამისად გაეროს მაღალი ტრიბუნიდან გაცხადდა, რომ საქართველოს მთავრობის ინიციატივით, ფილიპინებისა და მაროკოს მთავრობებთან ერთად იქმნება გაეროს მეგობართა ჯგუფი ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული რისკების შემცირებისა და უსაფრთხოების მმართველობის სფეროში.  ჯგუფის მანდატი იქნება ქბრბ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების გაერო-ს დღის წესრიგში დაყენება და განხილვა, ქბრბ საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა, გაერო-ს შესამისი რეზოლუციების იმპლემენტაციის ხელშეწყობა,  ახალი რეზოლუციების ინიცირება და სხვა.

ღონისძიების მეორე ნაწილი ხელოვნური ინტელექტისა და ავტონომიური რობოტიკის თემატიკას დაეთმო, რაც ბოლო წლებში ფართო დისკუსიის საგანია, როგორც გაეროს, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ფარგლებში.

ღონისძიებას სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული მაღალი დონის სამთავრობო დელეგაციების გარდა, გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში წევრი სახელმწიფოების მუდმივმოქმედი მისიების ხელმძღვანელები და წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ ქბრბ სფეროში ერთიანი მიდგომის ჩამოყალიბების ინიციატივა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს ეკუთვნის.  მთავრობის დადგენილებით შეიქმნა უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭო, რომლის თავმჯდომარე უწყებაა, შსს-ს სისტემის გაყოფის შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. საბჭოს ფარგლებში შემუშავდა ქბრბ საფრთხეების შემცირების ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმა.  საქართველო პირველი ქვეყანაა ევროკავშირის ინიციატივის „ქბრბ რისკების შემცირების გამოცდილების გაზიარების ცენტრები“ ფარგლებში, რომელმაც აღნიშნული დოკუმენტი შეიმუშავა და დაამტკიცა.

საქართველო ყალიბდება, როგორც ქბრბ სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის რეგიონული ცენტრი.  2013 წლიდან თბილისში წარმატებით ფუნქციონირებს ევროკავშირის „ქბრბ რისკების შემცირების გამოცდილების გაზიარების ცენტრების“ თბილისის რეგიონული სამდივნო, რომელიც სამხრეთ კავკასიისა და სამხრეთ–აღმოსავლეთ ევროპის 9 ქვეყანას აერთიანებს. საქართველო მჭიდროდ თანამშრომლობს აშშ–სთან, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან (IAEA), გაერო-სთან, NATO-სა და ეუთოსთან ქბრბ უსაფრთხოების მიმართულებით და მასპინძლობს გლობალური მასშტაბის ისეთ ღონისძიებებს, როგორებიცაა რეგიონული სტაბილურობის საერთაშორისო ფორუმი და ქბრბ მეცნიერებებისა და შედეგების მართვის მსოფლიო კონგრესი.

საქართველოს სამოქმედო გეგმის პრეზენტაციებს ფართო გამოხმაურება მოჰყვა გაერო–ს სამდივნოსა და დაინტერესებული ქვეყნების მხრიდან 2014 წლის 29 ოქტომბერს ქ. ნიუ–იორკში, საქართველოს მიერ ორგანიზებულ მსგავს ღონისძიებას, ჰააგასა და ჟენევაში (2014 წლის დეკემბერი), ასევე, მიუნხენში (2015 წლის აპრილი).