ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

12-04-2016

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე 2016 წლის 7 აპრილს გამოტანილი იქნა დადგენილება პირის ბრალდების შესახებ და 8 აპრილს ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში დაუსწრებლად იქნა მიცემული საქართველოს მოქალაქე მეგის ქარდავა, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, საქართველოს მოქალაქე გენერალ-მაიორ რომან დუმბაძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის შეკვეთის ფაქტზე.

გამოძიებით დადგენილია, რომ მეგის ქარდავა შუამავლის მეშვეობით რუსეთის ფედერაციაში, ქ. მოსკოვში მოქმედ კრიმინალურ დაჯგუფებას დაუკავშირდა და რომან დუმბაძის მკვლელობა შეუკვეთა. 2012 წლის 21 მაისს, ქ. მოსკოვში ოთხკაციანმა ჯგუფმა აღნიშნული მკვლელობა გარკვეული თანხის სანაცვლოდ განახორციელა. ოთხივე პირი სასჯელს რუსეთის ფედერაციაში იხდის, ხოლო შუამავალი საქართველოში იქნა დაკავებული და იგი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. რომან დუმბაძე 2004 წლიდან სასჯელს იხდიდა საქართველოში სხვადასხვა მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის. 2008 წლის 27 აგვისტოს იგი შეწყალებული იქნა საქართველოს იმჟამინდელი პრეზიდენტის განკარგულებით.

სისხლის სამართლის საქმეს მინიჭებული აქვს საიდუმლოების გრიფი. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე საქმის დეტალები არ ხმაურდება.