HOT LINE 123
GE

News

17-12-2021

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის 2020 წლის ანგარიში (EN)

საქართველო

 

მიმოხილვა: 2020 წლის განმავლობაში საქართველომ გააგრძელა ურყევი ჩართულობა კონტრტერორიზმის მთელ რიგ საკითხებში. კოვიდ-19-ის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო, 2020 წელს საქართველო ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად მონაწილეობდა კონტრტერორიზმთან დაკავშირებულ გარკვეული რაოდენობის წვრთნებსა და ტრენინგებში, თუმცა საქართველო რჩება აშშ-ის მტკიცე პარტნიორად უსაფრთხოების საკითხებში. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუს) არის უწყება, რომელიც პასუხისმგებელია ტერორიზმთან დაკავშირებულ ინციდენტებსა და გამოძიებაზე. საქართველომ გაასამართლა და ტერორიზმის ბრალდებით მსჯავრდებულად ცნო საქართველოს ერთი მოქალაქე, საზღვარგარეთ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებულ ღონისძიებებში მისი მონაწილეობის გამო. 2020 წელს საქართველომ კიდევ უფრო დახვეწა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონმდებლობა და გააძლიერა მის საზღვრებზე არსებული უსაფრთხოების ინფრასტრუქტურა.   

 

ტერორისტული ინციდენტები 2020 წელს: 2020 წელს საქართველოში ტერორისტული ინციდენტები არ დაფიქსირებულა. 

 

კანონმდებლობა, სამართალდამცავი უწყებები და საზღვრის უსაფრთხოება: საქართველოს ზოგადად შესწევს უნარი გამოავლინოს, შეაკავოს და რეაგირება მოახდინოს ტერორიზმის ინციდენტებზე. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს გააჩნია  ტერორიზმთან დაკავშირებულ ინციდენტებზე რეაგირებისა და გამოძიების წარმოების უფლებამოსილება და კონტრტერორისტული ცენტრის მეშვეობით მჭიდროდ თანამშრომლობს სხვა უწყებებთან, მათ შორის, შინაგან საქმეთა, იუსტიციის, თავდაცვის სამინისტროებსა და საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ზოგადად არის კარგად აღჭურვილი და კარგად მომზადებული; იანვარში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააფუძნა სასწავლო ცენტრი, რომელიც უზრუნველყოფს ტრენინგების ჩატარებას ტერორიზმის, ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკაცლიზაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დანაყოფი რეგულარულად განაგრძობს აღჭურვილობის მიღებასა და ტრენინგებს. ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს 2019-21 წლების ეროვნული სტრატეგია კვლავინდებურად რჩება საქართველოს წამყვან კონტრტერორისტულ დოკუმენტად, ხოლო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თავმჯდომარეობით მოქმედი უწყებათაშორისი მუდმივმოქმედი კომისია პასუხისმგებელია სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულების ზედამხედველობაზე. 2020 წლის განმავლობაში საქართველო მუშაობდა ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) საფრთხეების შემცირების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განახლების მიმართულებით, რომელიც მიღებულ იქნა უწყებათაშორისი საბჭოს დონეზე 2020 წლის ბოლოს. სტრატეგია დამტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით, რომელსაც ხელს მოაწერს პრემიერ-მინისტრი. 

 

2020 წელს საქართველო მუშაობდა სასაზღვრო, საზღვაო და საავიაციო უსაფრთხოების გაძლიერების მიმართულებით, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისა და კანონმდებლობის დახვეწის გზით. კარგად ორგანიზებული და მაღალკომპეტენტური საქართველოს სასაზღვრო პოლიცია და სანაპირო დაცვა სათანადოდ უზრუნველყოფენ პირველადი რეაგირების შესაძლებლობებს საქართველოს სახმელეთო და საზღვაო საზღვრებზე. სასაზღვრო პოლიციამ დაასრულა ინფრასტრუქტურული პროექტები საქართველოს საზღვრებზე რუსეთთან, აზერბაიჯანთან, სომხეთსა და თურქეთთან, ყველა აღნიშნული პროექტი გააძლიერებს წლის განმავლობაში განსახორციელებელი პატრულირების, კონტროლისა და შეკავების შესაძლებლობებს.  საქართველომ, ასევე, დაამონტაჟა ვიდეო სათვალთვალო და მონიტორინგის სისტემა საქართველო-აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრის ერთ სექტორზე, ხოლო შესაბამის სასაზღვრო პატრულირების ეკიპაჟებს დაემატათ სატრანსპორტო საშუალებები და ვერტმფრენები. საქართველოს სასაზღვრო და საპატრულო პოლიციის, დაახლოებით, 350-მა ოფიცერმა გაიარა საბაზისო კონტრტერორისტული ტაქტიკის სასწავლო კურსი, რომლის ჩატარებაც უზრუნველყო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის  დიპლომატიური უსაფრთხოების კრიმინალური გამოძიების ოფისმა. საქართველომ, ასევე, მონაწილეობა მიიღო როგორც საზღვაო სივრცეში მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ უწყებათაშორის სწავლებაში, ასევე ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული  (ქბრბ) მიმართულებით სხვადასხვა საერთაშორისო ტრენინგსა და პროექტში. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახური თანამშრომლობს საქართველოს სანაპირო დაცვასთან, საზღვაო გზით ყველა ტიპის კონტრაბანდის შემცირების შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით. 

 

საქართველო განაგრძობს მუშაობას შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან, საჰაერო გადამზიდავებსა და საერთაშორისო პარტნიორებთან მგზავრის წინასწარი მონაცემის/მგზავრის სახელის ჩანაწერის სისტემების შემდგომი ტექნიკური განხორციელების მიზნით. 2020 წელს, საქართველოს საჰაერო სივრცის დაცვის მიზნით, საქართველომ დაამტკიცა უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემების ექსპლუატაციის წესი.   

 

COVID-19-ის პანდემიით გამოწვეულმა საზღვრების ჩაკეტვამ შეაჩერა ცნობილი ან ეჭვმიტანილი ტერორისტების გადაადგილება როგორც საქართველოს მიმართულებით, ასევე საქართველოდან და საქართველოს გავლით. 2020 წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეების სირიაში ან ერაყში, ტერორისტულ საქმიანობაში მონაწილეობის მიზნით, გამგზავრების არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა. საქართველოს სასაზღვრო საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები ახორციელებენ პირების, სატრანსპორტო საშუალებებისა და სამგზავრო დოკუმენტების შემოწმებას როგორც ეროვნულ, ასევე ინტერპოლის მონაცემთა ბაზებში.    

 

მაისში განხორციელდა “ისლამური სახელმწიფოს” საქმიანობაში მონაწილეობისათვის ბრალდებული საქართველოს მოქალაქის ცეზარ ტოხოსაშვილის ექსტრადირება უკრაინიდან საქართველოში. ქართულმა სასამართლომ ტოხოსაშვილი გაასამართლა და მსჯავრდებულად ცნო  ტერორისტულ ორგანიზაციაში მონაწილეობისთვის და მას ათწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

 

ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლა: საქართველო არის  ევროპის საბჭოს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ ექსპერტთა კომიტეტის (MONEYVAL) წევრი.  საქართველოს ფინანსური დაზვერვის დანაყოფი - საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური არის ეგმონტ ჯგუფის წევრი. საქართველო, ასევე, არის „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური კოალიციის ტერორიზმის დაფინანსების სამუშაო ჯგუფის (Defeat-ISIS CIFG) წევრი.  სექტემბერში MONEYVAL-მა დაამტკიცა 2019 წელს განხორციელებული შეფასების ანგარიში საქართველოს შესახებ, რომელშიც აღინიშნა საქართველოს მიერ ბოლო წლებში მიღწეული პროგრესი და განისაზღვრა, რომ საქართველომ ტერორიზმის დაფინანსების გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის კუთხით ეფექტურობის „არსებით“ დონეს მიაღწია.  მარტში საქართველომ მონაწილეობა მიიღო მაროკოში გამართულ ტერორიზმისა და უკანონო დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ვარშავის პროცესის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ ამერიკის შეერთებული შტატები, პოლონეთი, მაროკო და კენია.

 

ივნისსა და ივლისში საქართველომ კიდევ უფრო დახვეწა კანონმდებლობა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, მათ შორის, საქართველოს ეროვნული ბანკი განისაზღვრა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის კანონმდებლობის შესრულებაზე ზედამხედველ ორგანოდ, რომელიც საქართველოს ფინანსურ ინსტიტუტებს ავალდებულებს, განახორციელონ შემოწმებები გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციების სიების მიხედვით. ამასთან, დამტკიცდა ორი კანონქვემდებარე აქტი შეტყობინებებისა და ჩანაწერების წარმოების, ასევე მომხმარებლის იდენტიფიცირების საკითხებთან დაკავშირებით. გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციების სიების იმპლემენტაციის მიზნით,  დეკემბრის შუა პერიოდის მდგომარეობით, საქართველომ შეიტანა ცხრა შუამდგომლობა, რომლითაც ითხოვდა შვიდი ფიზიკური და ხუთი იურიდიული პირის აქტივების გაყინვას, ასევე შეიტანა ხუთი შუამდგომლობა ოთხი ფიზიკური და 27 იურიდიული პირის აქტივებზე ყადაღის მოხსნის თაობაზე.  

 

ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლა: 2020 წელს საქართველომ განაგრძო ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით  საქმიანობა, რომელიც ორიენტირებულია განათლებაზე, სამოქალაქო ჩართულობაზე, მედიასა და ინფორმაციასთან წვდომაზე, გენდერულ თანასწორობაზე, ახალგაზრდების გაძლიერებაზე, სოციალურ-ეკონომიკურ და რეგიონულ ინტეგრაციაზე, მართლმსაჯულებასა და სამართალდაცვით საქმიანობაზე, ასევე, კულტურული მრავალფეროვნებისა და რელიგიათაშორისი დიალოგის ხელშეწყობაზე.  

 

საქართველომ განაგრძო საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მრავალწლიან პროექტებზე მუშაობა, მათ შორისაა USAID-ის პანკისის სათემო კავშირების პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს მრავალფეროვანი ეთნიკური და რელიგიური კუთვნილების მქონე თემების ინტეგრაციას პანკისის ხეობის რეგიონში.  პროგრამის იმპლემენტაცია გარკვეულწილად შენელდა COVID-19-ის პანდემიის გამო, თუმცა ზოგიერთმა აქტივობამ გადაინაცვლა ვირტუალურ ან დისტანციურ პლატფორმებზე.  სექტემბერსა და დეკემბერში, ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით არსებული საუკეთესო პრაქტიკის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციის ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგი ტერორიზმისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის თემაზე.   

 

საერთაშორისო და რეგიონული თანამშრომლობა: კონტრტერორისტულ საკითხებზე თანამშრომლობის მიმართულებით, საქართველო აქტიურად არის ჩართული როგორც საერთაშორისო, ასევე რეგიონულ და ორმხრივ დონეზე და 2020 წელს გააფართოვა პარტნიორობა. საქართველო მჭიდროდ თანამშრომლობს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციასთან (NATO), გაეროსთან (UN), ევროპის საბჭოსთან (CoE), ეუთოსთან (OSCE), შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციასთან, ინტერპოლთან, ასევე საქართველოს, უკრაინის, აზერბაიჯანისა და მოლდოვის დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციასთან. იანვარში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გააფორმა უწყებათაშორისი თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება საფრანგეთთან.  მაისში საქართველომ და ევროკავშირმა საიდუმლო ინფორმაციის ორმხრივად დაცვის პროცესის შემდგომი ხელშეწყობის მიზნით დაამტკიცეს საიმპელემენტაციო წესები.   

 

თებერვალში საქართველომ მონაწილეობა მიიღო გაეროს, ეუთოსა და შვეიცარიის მიერ ორგანიზებულ უცხოელი ტერორისტი მებრძოლების შესახებ კონფერენციაში. სხვა ღონისძიებებთან ერთად,  საქართველომ ასევე მონაწილეობა მიიღო ივლისში - გაეროს ვირტუალურ კონტრტერორისტულ კვირეულში, ხოლო სექტემბერში - ეუთოს ონლაინ კონტრტერორისტულ კონფერენციაში. საქართველო ასევე მონაწილეობდა ნოემბერში გამართულ ევროპის საბჭოს კონტრტერორისტული მმართველი კომიტეტის მეხუთე ონლაინ პლენარულ სხდომაში და ჩაერთო კონფლიქტის ზონებიდან სისხლისსამართლებრივი დევნის ფარგლებში გამოსაყენებელი მტკიცებულებების შეგროვების საკითხზე კომიტეტის სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში. 2020 წლის განმავლობაში საქართველო კვლავინდებურად მონაწილეობდა ნატოსა და ევროკავშირის ხელმძღვანელობით ჩატარებულ არაერთ კონტრტერორისტულ ტრენინგში. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ჯორჯ მარშალის სახელობის უსაფრთხოების სწავლების ევროპული ცენტრისა და აშშ-ის საზღვაო ძალების სამაგისტრო სკოლის მიერ ორგანიზებულ კონტრტერორისტულ სემინარებსა და სამუშაო შეხვედრებში.

 https://www.state.gov/wp-content/uploads/2021/07/Country_Reports_on_Terrorism_2020.pdf?fbclid=IwAR1JHXakJmDsaUiHDLS5Tszzlgj2ijKc3ApBRwhnZwRydd0Q-1ctxlAkV1o

(EN)