HOT LINE 123
GE

News

16-08-2022

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საველე პრაქტიკულ უწყებათაშორის სწავლებას მასპინძლობს (EN)

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მასშტაბურ ღონისძიებას, საველე პრაქტიკულ უწყებათშორის სწავლებას მასპინძლობს, რომელიც ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლას ისახავს მიზნად. სწავლება აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) ორგანიზებით ტარდება და მას ამერიკიდან საგანგებოდ ჩამოსული ჯგუფი დააკვირდება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა გიგა ნიკოლეიშვილმა საველე სწავლების ღონისძიება გახსნა და აშშ-იდან საგანგებოდ ჩამოსულ სპეციალისტებსა და სწავლებაში ჩართული უწყებების პასუხისმგებელ პირებს სიტყვით მიმართა.

გიგა ნიკოლეიშვილი: „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელით, მინდა, გულითადი მადლობა გადავუხადო ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს ხელმძღვანელობასა და მის წარმომადგენლებს აღნიშნული სწავლების ორგანიზებისა და იმ მხარდაჭერისთვის, რასაც მათგან მუდმივად ვიღებთ სხვადასხვა მიმართულებით.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის ბაზასა და სხვადასხვა საწვრთნელ ბაზებზე იმართება სწავლება, რომლის მიზანი ქვეყანაში არსებული ძალოვანი სტრუქტურების კოორდინაციის გაძლიერებაა. სწავლება უპრეცედენტოა და პირველად ტარდება საქართველოში. სწავლების შედეგად გადამზადებული სპეცსამსახურების თანამშრომლები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერებაში“.

აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) ორგანიზებით მიმდინარე სწავლებაში მონაწილეობას იღებენ ქვეყანაში უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი წამყვანი უწყებების - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების სამსახურისა და თავდაცვის სამინისტროს დანაყოფები.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოსთან მრავალწლიანი თანამშრომლობის შედეგად ქართულმა სპეცსამსახურმა მნიშვნელოვნად აიმაღლა პროფესიული უნარები, შესაბამისი დანაყოფები უზრუნველყოფილია სპეციალური აღჭურვილობით და წარმატებით საქმიანობს ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოების, განაღმვისა და მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის სფეროში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრში გამართულ გახსნის ცერემონიას აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს, ევროპაში აშშ-ის საავიაციო ძალებისა და ჯორჯიას შტატის ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები, შსს-ის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ხელმძღვანელი და სწავლებაში მონაწილე უწყებების პასუხისმგებელი პირები ესწრებოდნენ. სწავლება 19 აგვისტოს დაიხურება.

(EN)