HOT LINE 123
GE

News

20-11-2022

საჯარო მოხელეებისთვის სამცხე-ჯავახეთის რეგიონში საინფორმაციო შეხვედრა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა“ გაიმართა (EN)

კორუფციისა და სამოხელეო დანაშაულის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

შეხვედრაში, რომელსაც ბორჯომმა უმასპინძლა, მონაწილეობა სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მიიღეს.

საჯარო უწყებათა წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია საჯარო სამსახურში კორუფციასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებზე,კერძოდ, საჯარო სამსახურში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ზოგადი ანტიკორუფციული კონცეფცია, კორუფციული და სამოხელეო დანაშაულის გამოძიება, ინტერესთა შეუთავსებლობა, მამხილებლის დაცვა.

ღონისძიება ანტიკორუფციული სააგენტოს პრევენციის სამსახურის უფროსმა თამთა კაჭკაჭიშვილმა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამსახურის უფროსის მოადგილემ გიორგი ქოჩიაშვილმა გახსნეს.

მონაწილეებს სტრასბურგიდან სიტყვით მიმართა ევროპის საბჭოს ეკონომიკური დანაშაულებისა და თანამშრომლობის განყოფილების პროგრამის მენეჯერმა დანაე ისამ.

ქართველ საჯარო მოხელეებს კორუფციის პრევენციისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე ანტიკორუფციული სააგენტოს ექპერტებთან ერთად გამოცდილება გაუზიარა ევროპის საბჭოს ექსპერტმა, დოქტორმა კოსტანტინო გრასომ.

საინფორმაციო შეხვედრა, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის (PGGII) პროექტის - „კორუფციის, ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის სისტემების გაუმჯობესება საქართველოში“ ფარგლებში გაიმართა.

მსგავსი შეხვედრები უკვე გაიმართა კახეთში, იმერეთში, აჭარასა და გურიაში დასაქმებული საჯარო მოხელეებისთვის, ასევე, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თანამშრომლებისთვის.

(EN)