HOT LINE 123
GE

News

11-12-2022

საქართველოში მობილური დაკვირვების სისტემების ინტეგრაციისა და მომსახურების ცენტრი გაიხსნა. (EN)

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს ბაზაზე, აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DITRA) მხარდაჭერით, მობილური დაკვირვების სისტემების ინტეგრაციისა და მომსახურების ცენტრი გაიხსნა.

ცენტრის მიზანია, სახელმწიფო უსაფრთხოებაში ჩართული უწყებებისთვის მობილური დაკვირვების სისტემების აწყობა, მათი კომპონენტების ტექნიკური მომსახურება და პროგრამული გამართვა. ახალი ცენტრი სრულად არის აღჭურვილი თანამედროვე საინჟინრო-ტექნიკური საშუალებებით და აპარატურით.

„მიხარია, რომ ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს ბაზაზე უკვე მეორე, მსგავსი მნიშვნელობის ცენტრს ვხსნით. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობა დინამიურად ვითარდება. ამ ცენტრის გახსნა ემსახურება სახელმწიფო და სასაზღვრო უსაფრთხოების სფეროში აღკვეთისა და რეაგირების შესაძლებლობების განვითარება-გაუმჯობესებას.“ - აღნიშნა ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსმა კობა კობიძემ.

აშშ-ის მისიის ხელმძღვანელის მოადგილის, რაიან ჰარკერ ჰარისის თქმით, საზღვრის უსაფრთხოება აღნიშნული ძალისხმევის უაღრესად მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს, ვინაიდან უზრუნველყოფს ისეთ საფრთხეებზე რეაგირებასა და პრევენციას, როგორებიცაა საზიანო ტექნოლოგიები და აქტორები, ასევე მსგავსი ხასიათის მქონე სხვა

გარემოებები.

ღონისძიებას საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს, აშშ-ის საელჩოს, აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA), საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისა და საქართველოს სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლები დაესწრნენ.

საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო და აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტო (DTRA) 2016 წლიდან თანამშრომლობენ საქართველოს სახელმწიფო და სასაზღვრო უსაფრთხოების სფეროში საინფორმაციო-ტექნოლოგიური შესაძლებლობების განსავითარებლად.

(EN)