HOT LINE 123
GE

News

16-02-2023

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინიციატივით, BTU-ში საერთაშორისო უსაფრთხოებისა და ტექნოლოგიების სამაგისტრო პროგრამა ამოქმედდება (EN)

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინიციატივით, მომდევნო სემესტრიდან, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში საერთაშორისო უსაფრთხოებისა და ტექნოლოგიების სამაგისტრო პროგრამა ამოქმედდება.

პროგრამა უკვე აკრედიტებულია და სასწავლო კომპონენტთან  ერთად  მოიცავს პრაქტიკულ და სამეცნიერო-კვლევით აქტივობებს. ის შემუშავებულია საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით და სრულად პასუხობს უსაფრთხოების სექტორის მოთხოვნებს. პროგრამა აერთიანებს სასწავლო კურსებს ეროვნული უსაფრთხოების, კიბერუსაფრთხოების, დაზვერვის, საერთაშორისო პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკის, თანამედროვე კონფლიქტებისა და სხვა სფეროებში. კურსს დარგის წამყვანი ექსპერტები და უსაფრთხოების სფეროს პრაქტიკოსი სპეციალისტები გაუძღვებიან. 

კურიკულუმი უსაფრთხოების საკითხებში წამყვანი საერთაშორისო ექსპერტის, რუბენ არკოსის მიერაა მომზადებული, ქართველ ექსპერტებთან თანამშრომლობით. ახალმა სამაგისტრო პროგრამამ უკვე მიიღო მაღალი რანგის საერთაშორისო გამოხმაურება ექსპერტებისა და აკადემიური წრეების მხრიდან. სამაგისტრო პროგრამის მხარდამჭერია ევროკავშირი. 

პროგრამაზე სტუდენტთა მიღება მოხდება საერთო სამაგისტრო გამოცდების და შიდა სპეციალობის გამოცდის მიხედვით. პროგრამით დაინტერესებულ პირთა წინასწარი რეგისტრაცია დაწყებულია.

აღსანიშნავია, რომ BTU-ს პარტნიორი ტუშას უნივერსიტეტი (იტალია) საერთაშორისო უსაფრთხოებისა და ტექნოლოგიების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს, გაცვლითი პროგრამით სარგებლობის შემთხვევაში, ორმაგ დიპლომს სთავაზობს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრთან ერთად პროგრამის ადგილობრივ პარტნიორებსა და დამსაქმებლებს შორისაა საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრი, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური, კიბერუსაფრთხოების ბიურო, საქართველოს ეროვნული ბანკი, ციფრული მმართველობის სააგენტო და სხვა.

სამაგისტრო პროგრამის პრეზენტაცია ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში რექტორმა ნინო ენუქიძემ წარადგინა. ღონისძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე შენგელი ფიცხელაური, უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის დირექტორი გიორგი ვაშაკიძე, BTU-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ ბატიაშვილი, განათლებისა და მეციერების სამინისტროს უმაღლესი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსი ნინო წერეთელი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და BTU-ს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

(EN)