HOT LINE 123
GE

News

18-02-2023

„უსაფრთხოების ზამთრის სკოლა“ დაიწყო (EN)

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის მიერ ორგანიზებული პროექტი „უსაფრთხოების ზამთრის სკოლა“ დაიწყო.

პროექტი ბრიტანეთის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება და ამ სეზონზე მასში თბილისისა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლო დაწესებულების 18 სტუდენტი მონაწილეობს.

პროგრამა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ, შენგელი ფიცხელაურმა და იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა გახსნეს. მათ მონაწილეებს სიტყვით მიმართეს და წარმატება უსურვეს. გახსნის ცერემონიას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და უსაფრთხოების სასწავლო ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

უსაფრთხოების ზამთრის სკოლა სტუდენტებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, ორი კვირის განმავლობაში მიიღონ ინფორმაცია საერთაშორისო, რეგიონული და ეროვნული საფრთხეებისა თუ შესაბამისი გამოწვევების შესახებ.

მსმენელებს პრაქტიკულ და თეორიულ სწავლებას ქართველი და უცხოელი ექსპერტები ჩაუტარებენ. კურსს გაუძღვება უსაფრთხოების საკითხების ბრიტანელი ექსპერტი, კრის ჯაგერი, რომელიც მესამე სეზონია უსაფრთხოების სასწავლო ცენტრთან თანამშრომლობს. მასთან ერთად ზამთრის სკოლის მონაწილეებს სხვადასხვა მიმართულებით სწავლებას ჩაუტარებენ მადრიდის რეი ხუან კარლოსის უნივერსიტეტის პროფესორი, რუბენ არკოსი და სხვა მაღალი რანგის სამხედრო და უსაფრთხოების სფეროს სპეციალისტები. 

პროექტის პარტნიორები არიან საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

უსაფრთხოების  სკოლას ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრი მესამედ მასპინძლობს. 2-კვირიანი სწავლება 2 მარტს დასრულდება.

(EN)