HOT LINE 123
GE

News

27-04-2023

ერგნეთში IPRM-ის112-ე შეხვედრა გაიმართა (EN)

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 112-ე შეხვედრაზე, წინა შეხვედრიდან დღემდე, ოკუპირებულ რეგიონსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დაფიქსირებული ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტი განიხილეს.

ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან კიდევ ერთხელ განსაკუთრებული სიმკაცრით იქნა მოთხოვნილი უკანონო პატიმრობაში მყოფი  ყველა პირის უპირობო და დაუყოვნებლივი გათავისუფლება.

ასევე, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა მკაცრად დაგმეს  მიმდინარე წლის 21 აპრილს, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვრინისის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების მცდელობისა და ერთ-ერთი მათგანის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტი. მოთხოვნილი იქნა აღნიშნულ ინციდენტში დეტალურად გარკვევა და მასში მონაწილე დამნაშავე პირების დასჯა.

შეხვედრის მონაწილეებმა ასევე განიხილეს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის ჰუმანიტარული პრობლემები და იმსჯელეს მათი გადაწყვეტის შესაძლებლობებზე.

ასევე, იმსჯელეს ე.წ. გამშვებ პუნქტებზე გადაადგილების არსებული პრაქტიკისა და აღნიშნულის მასშტაბების ზრდასთან დაკავშირებული საკითხების გარშემო.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მომდევნო შეხვედრა 2023 წლის 3 ივლისს ჩაინიშნა.

(EN)