HOT LINE 123
GE

News

15-12-2023

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ ნდობის ჯგუფთან შეხვედრა გამართა (EN)

საპარლამენტო ზედამხედველობის ფარგლებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ალექსი ბატიაშვილი პარლამენტის ნდობის ჯგუფის წევრებს შეხვდა. სხდომაზე განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზზე უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება.

 

რეგიონში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, შეხვედრაზე ისაუბრეს ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე და ამ ჭრილში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 2023 წელს გაწეული კონტრდაზვერვითი საქმიანობა შეაფასეს.

 

როგორც ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ განაცხადა, შეხვედრაზე დეტალურად იქნა განხილული საკითხები.

 

ირაკლი ბერაია: „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დეტალურად წარმოადგინა ინფორმაცია ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარებისა და იმ ნაბიჯების შესახებ, რასაც სამსახური ახორციელებს ოკუპაციით გამოწვეული პრობლემების საპასუხოდ, მათ შორის, საოკუპაციო ხაზზე უსაფრთხოების ზომების უზრუნველსაყოფად, ასევე, დეტალურად იქნა განხილული ის ნაბიჯები, რომელიც იდგმება სამსახურის მიერ უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების საქმიანობისა და მათგან მომდინარე საფრთხეების საპასუხოდ პრევენციისა და ნეიტრალიზაციისთვის. ნდობის ჯგუფის წევრებს გვქონდა შესაძლებლობა დაგვესვა კითხვები, რაზეც სამსახურის წარმომადგენლების მხრიდან გაეცა ამომწურავი პასუხები. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის ერთ-ერთი გამორჩეული უწყება ანგარიშვალდებულების მაღალი ხარისხით, ჩვენ ვმართავთ რეგულარულად მოსმენებს სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე ნდობის ჯგუფის ფარგლებში. სამსახურის საქმიანობა არის წარმატებული და იმსახურებს მაღალ შეფასებას ჩვენი მხრიდან. გარდა ამისა, სამსახურის ქმედუნარიანობა და წარმატებული საქმიანობა დასტურდება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან არაერთი  მნიშვნელოვანი შეფასებით.“      

 

შეხვედრას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორი გიორგი ტრაპაიძე, საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი გიორგი საბედაშვილი და ნდობის ჯგუფის წევრები - პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე ესწრებოდნენ.

(EN)