ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

14-05-2016

ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით საქართველო  რეგიონში ლიდერია  

სასტუმრო “ჰოლიდეი ინნში” ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელზეც საბჭოს წევრმა უწყებებმა საქართველოს ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების შემცირების ეროვნული სტრატეგიის 2015-2019 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების 1 წლის ანგარიში წარადგინეს. დოკუმენტი გაერო-ს, ევროკავშირისა და აშშ-ს მხარდაჭერით შემუშავდა და 2015 წლის მარტში დამტკიცდა. საქართველო ევროკავშირის პირველი პარტნიორი ქვეყანაა, რომელმაც აღნიშნული დოკუმენტი შეიმუშავა და  მიიღო.

გაეროს დანაშაულის და მართლმსაჯულების რეგიონთაშორისი  კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლის  ფრანჩესკო მიორინის განცხადებით, საქართველოს მიერ ბირთვული საფრთხეების შემცირების ეროვნული სტრატეგიის შემუშავება დიდი მიღწევაა  არა მარტო ქვეყნისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის. „სტრატეგია  წარმოადგენს მოდელს სხვა ქვეყნებისთვის, რომლებიც მაგალითს აიღებენ საქართველოსგან. ქართველი ექსპერტები ეხმარებიან სხვა ქვეყნებს რეგიონში სამოქმედო გეგმის შემუშავებაში და ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა ყურადღება გავამახვილო იმაზე, რომ რეგიონალური თანამშრომლობა არის უმთავრესი ქბრბ რისკების შემცირების საკითხში, იმიტომ  რომ  ქვეყანას  მხოლოდ საკუთარი ძალებით არ შეუძლია მასალების გავრცელების კონტროლი. მეზობელ ქვეყნებთან დიალოგი ამ კუთხით არის ძალიან მნიშვნელოვანი.“

საბჭოს სხდომაზე საუბარი ასევე შეეხო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ   ქბრბ უსაფრთხოების სფეროში განხორციელებულ  პრაქტიკულ ღონისძიებებს. აღინიშნა, რომ 2015 წლის 1 აგვისტოდან,  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოვლენილია ბირთვული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის 4 ფაქტი. მათ შორის,  ორ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა  დაბალგამდიდრებული და გაღარიბებული ურანის  კონტრაბანდის  ფაქტებს. სულ დაკავებულია 19 პირი და მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო ღონისძიებები, რასაც დადებითი შეფასებები მოჰყვა პარტნიორი ქვეყნების შესაბამისი უწყებების მხრიდან. სხდომაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ურანის ამოღების ფაქტებს. ექსპერტებმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს აღნიშნული საქმის გახსნის მნიშვნელობას და სუს-ის თანამშრომლების მიერ გაწეული საქმიანობა დადებითად შეაფასეს.

საბჭოს სხდომა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა ირაკლი ბერაიამ გახსნა.  შინაგან საქმეთა სამინისტროს  სისტემის გაყოფის შემდეგ, უწყებათშორის საბჭოს სწორედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თავმჯდომარეობს. შეხდვედრაში მონაწილეობდნენ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილეები, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის , ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური უზრუნველყოფის, სოფლის მეურნეობის სამინისტროების დეპარტამენტების დირექტორები და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი.სხდომას ასევე ესწრებოდნენ  აშშ-ს საელჩოს, ევროკავშირის დელეგაციის და გაეროს დანაშაულისა და მართლმსაჯულების რეგიონთაშორისი კვლევითი ინსტიტუტის (UNICRI) წარმომადგენლები .ღონისძიება UNICRI-ს მხარდაჭერით ჩატარდა.   

 სამოქმედო გეგმაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების, ბიოლოგიური დაცულობისა და ბიოუსაფრთხოების საკითხებს, ასევე ქიმიურ კომპონენტს, მასობრივი განადგურების იარაღისა და მისი შექმნისთვის საჭირო კომპონენტების გაუვრცელებლობას, ნარჩენების მართვას,  ცნობიერების ამაღლებას, ინფრასტრუქტურის განვითარებას, წვრთნისა და აღჭურვის გზით შესაბამისი უწყებების შესაძლებლობების გაუმჯობესებას, გაერო-ს შესაბამისი რეზოლუციებისა (მათ შორის გაერო-ს უშიშროების საბჭოს N1540 რეზოლუცია) და სხვა საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტების იმპლემენტაციას, საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.დოკუმენტი 30 პრიორიტეტისა და 118 აქტივობისგან შედგება და ორიენტირებულია საფრთხეების შემცირების ისეთ კომპონეტებზე, როგორებიცაა პრევენცია, გამოვლენა, მზადყოფნა და რეაგირება.