ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

17-10-2015

სუს-ის წარმომადგენლები ყირგიზეთის დელეგაციას შეხვდნენ

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს ყირგიზეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის ანტიკორუფციული ღონისძიებების მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორის, ტილეკ საიაკბაევის ხელმძღვანელობით საქართველოში ვიზიტით მყოფ დელეგაციასთან, რომელიც ყირგიზეთის რესპუბლიკაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით მომუშავე სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული. 

შეხვედრას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან ესწრებოდნენ ანტიკორუფციული სააგენტოს უფროსი - ლაშა ცომაია, ადმინისტრაციის უფროსი - ლელა ჩიქოვანი, ანტიკორუფციული სააგენტოს უფროსის მოადგილე - უჩა მუმლაძე და საგამოძიებო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე - ვიტალი სადათიერაშვილი. უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა უცხოელ კოლეგებს გააცნეს უსაფრთხოების სფეროში საქართველოში გატარებული რეფორმები და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით განხორციელებული ღონისძიებები. 

ყირგიზეთის რესპუბლიკის დელეგაცია საქართველოში იმყოფება ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OSCE) მხარდაჭერით. ვიზიტის მიზანს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით საქართველოს გამოცდილების გაზიარება და აღნიშნული მიმართულებით ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმის გაცნობა წარმოადგენს. შეხვედრები, ასევე, დაგეგმილია საქართველოს სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთანაც. 

ჩამოვედით ყირგიზეთის რესპუბლიკის პრაქტიკულად ყველა მმართველი ორგანოს წარმომადგენელი, რომლებიც ანტიკორუფციული მიმართულებით ვმუშაობთ. მე მმართველ აპარატში ანტიკორუფციული პოლიტიკის მიმართულებით ვმუშაობ. ჩვენთვის ძალიან საჭირო იყო იმის ცოდნა, თქვენთან როგორ მუშაობენ, როგორია კოორდინაცია სახელმწიფო სტრუქტურებს შორის, ახალი მექანიზმები, ინსტრუმენტები, რომელსაც იყენებენ ქართველი სამართალდამცველები. ნათლად დავინახეთ, რომ შესაძლებელია სისტემატიზაცია კორუფციასთან ბრძოლის კუთხით და ბრძოლის მეთოდების მოდერნიზაცია, ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმრენტია. მე ვფიქრობ, რომ ჩემმა კოლეგებმა მიიღეს პასუხები ყველა კითხვაზე, მიიღეს ძალიან კარგი გამოცდილება, რომელსაც ბიშკეკში ჩასვლის შემდეგ გამოვიყენებთ. ყველა ჩვენი თანამშრომელი გაუზიარებს თავის კოლეგებს მიღებულ ინფორმაციას და შემდგომში თავის საქმიანობაში გამოიყენებენ, - განაცხადა ყირგიზეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის ანტიკორუფციული ღონისძიებების მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორმა ტილეკ საიაკბაევმა.