ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

19-10-2015

სამუშაო შეხვედრა ქბრბ უსაფრთხოების სფეროში პროექტის ფარგლებში

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი ირაკლი ბერაია ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული (ქბრბ) უსაფრთხოების სფეროში პირველადი რეაგირების შესაძლებლობების განვითარების პროექტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრას დაესწრო.

2015 წლის 19-21 ოქტომბერს, სასტუმრო ,,ამბასადორში“, ევროკავშირის ინიციატივის „ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული რისკების შემცირების გამოცდილების გაზიარების ცენტრები“-ს ორგანიზებით, ქბრბ სფეროში პირველადი რეაგირების ახალი პროექტის (პროექტი 44) ფარგლებში სამუშაო შეხვედრა იმართება. 

პროექტი 44, რომლის სახელწოდებაა ,,სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, სამხრეთ კავკასიაში, მოლდოვასა და უკრაინაში ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიოლოგიურ და ბირთვულ საფრთხეებზე პირველადი რეაგირების შესაძლებლობებისა და რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერება“, სწორედ 2015-2019 წლების სამოქმედო გეგმის მხარდაჭერას ემსახურება. 

პროექტის მიზანია ქბრბ ინციდენტებზე რეაგირების შესაძლებლობების განვითარება შესაბამისი უწყებების აღჭურვისა და წვრთნების, სამართლებრივი ბაზის დახვეწის, უწყებათშორისი და რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავების გზით. 

19-21 ოქტომბრის შეხვედრა ითვალისწინებს ქბრბ ინციდენტებზე რეაგირების კუთხით პროექტის მონაწილე ქვეყნებში არსებული მდგომარეობის შეფასებას, საჭიროებების დადგენას, პროექტის განხორციელების კონკრეტული გეგმის განსაზღვრას, მის ფარგლებში თითოეული ღონისძიების გაწერას, ასევე დეტალების, მათ შორის ვადებისა და მოსალოდნელი შედეგების განხილვას. პროექტი ხორციელდება ევროკავშირის დაფინანსებით და მისი განხორციელების პერიოდია 2015-2017 წლები. შეხვედრას პროექტში მონაწილე ქვეყნების - საქართველოს, სომხეთის, მოლდოვასა და უკრაინის - შესაბამისი სფეროს ექსპერტები, ასევე, პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან.

საქართველოს მთავრობა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ქბრბ საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლას. მთავრობის დადგენილებით შექმნილია შესაბამისი უწყებათშორისი საბჭო, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტო თავმჯდომარეობს. ასევე, დამტკიცებულია ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული საფრთხეების შემცირების ეროვნული სტრატეგიის 2015-2019 წლების სამოქმედო გეგმა. დოკუმენტში ხაზგასმულია ქბრბ საფრთხეების მართვის ისეთი კომპონენტები როგორებიცაა პრევენცია, გამოვლენა, მზადყოფნა და რეაგირება, ასევე საერთაშორისო და რეგიონული თანამშრომლობის განვითარება.