ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

21-03-2016

თაღლითობა სუს-ის უფროსის მოადგილის სახელით -  ანტიკორუფციულმა სააგენტომ ორი პირი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ჯგუფურად თაღლითობის ფაქტზე  საქართველოს მოქალაქეები ჯემალ დუაძე და გოგიტა დემეტრაშვილი დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ჯემალ დუაძემ გადაწყვიტა მოტყუებით დაუფლებოდა საქართველოს მოქალაქე ბეჟან დ-ს კუთვნილ ფულად თანხას, რა მიზნითაც   2015 წლის ზაფხულში ბეჟან დ-სთან, ანტიკორუფციული სააგენტოს სახელით, მიაგზავნა გამოძიებით დაუდგენელი პირი, რომელიც ბეჟან დ-ს გაეცნო დავით გიორგაძის გვარ-სახელით და განუცხადა, რომ  მას თითქოსდა პრობლემები ჰქონდა ანტიკორუფციულ სააგენტოში, მის მიმართ დაწყებული იყო გამოძიება და საქმის მოგვარების სანაცვლოდ 50 000 აშშ დოლარის გადახდა მოსთხოვა. პარალელურად, ჯემალ დუაძე   დაჟინებით ურჩევდა ბეჟან დ-ს მოთხოვნილი თანხის გადახდას, რომელიც მისი განმარტებით შემცირდა       30 000 აშშ დოლარამდე. აღნიშნული თანხის დაუფლების მიზნით  ჯემალ დუაძე ასევე დაუკავშირდა ბეჟან დ-ს შვილიშვილს, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს ბექა დ-ს, რომელსაც აუხსნა საქმის ვითარება და  საკითხის მოგვარების სანაცვლოდ მასაც 30 000 აშშ დოლარის გადახდა მოსთხოვა.

2016 წლის 20 მარტს ჯემალ დუაძემ მის მიერ მოთხოვნილი 30 000 აშშ დოლარის თითქოსდა ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებისათვის გადაცემისა და საკითხის საბოლოოდ მოგვარების  მიზნით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს ბექა დ-ს საქართველოში ჩამოსვლა და მასთან შეხვედრა მოსთხოვა.  თავისი დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ჯემალ დუაძე დაუკავშირდა ნაცნობს, თაღლითობისთვის წარსულში ნასამართლევ გოგიტა დემეტრაშვილს, რომელსაც გაუმხილა თავისი ჩანაფიქრი და ერთად დაგეგმეს ბექა დ-სთვის მოტყუებით, თაღლითური გზით ზემოაღნიშნული თანხის გამორთმევა. კერძოდ, 2016 წლის 20 მარტს დაახლოებით 2 საათზე ჯემალ დუაძე ჩაფიქრებული გეგმის მიხედვით, თბილისის აეროპორტში დახვდა რუსეთის ფედერაციიდან ჩამოსულ ბექა დ-ს,  წაიყვანა ის ქ. თბილისში, ავლაბრის მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე და შეახვედრა გოგიტა დემეტრაშვილს, რომელსაც ჯემალ დუაძემ წინასწარ უქირავა „მერსედეს S-კლასის” მოდელის ავტომობილი. გოგიტა დემეტრაშვილმა ბექა დ-ს თავი  საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ იოსებ გოგაშვილად გააცნო და დაჰპირდა მისი პაპის ბეჟან დ-ს მიმართ თითქოსდა წარმოებული სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას, აგრეთვე მომავალში ყოველგვარი პრობლემების მოგვარებას. ამის შემდეგ, იმავე დღეს ჯემალ დუაძემ თითქოსდა იოსებ გოგაშვილისთვის გადასაცემად, ბექა დ-ს ქ. თბილისში, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში მის მიერ მოთხოვნილი 30 000 აშშ დოლარი გამოართვა. ჯემალ დუაძე და გოგიტა დემეტრაშვილი  მოთხოვნილი ზემოაღნიშნული თანხის გამორთმევის შემდეგ დააკავეს. 

გამოძიება ჯგუფურად თაღლითობის ფაქტზე მიმდინაროებს (საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9  წლამდე ითვალისწინებს). გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.

აქვე აღვნიშნავთ, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენს მიერ გავრცელებულ ვიდეომასალასა და ტექსტში აღნიშნული პირების იდენტიფიცირება მოვახდინეთ. შესაძლოა დაკავებული პირების მიერ სხვა დაზარალებული მოქალაქეები არსებობდნენ, რომლებიც მათ ამოცნობას შეძლებენ.