ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

02-08-2016

გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა გაიმართა

დღევანდელ შეხვედრაზე გაგრძელდა 19 მაისს, ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში საოკუპაციო ხაზზე განლაგებული ე.წ. „მესაზღვრის" მიერ საქართველოს მოქალაქის გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხის განხილვა. ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების  პოზიცია უცვლელია, ქართულმა მხარემ საოკუპაციო ძალისა და დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებისგან კიდევ ერთხელ მოითხოვა განზრახ მკვლელობაში ბრალდებული პირი, რათა ის წარსდგეს ქართული მართლმსაჯულების წინაშე. აღნიშნულთან დაკავშირებით ამ ეტაპზე აფხაზური მხარე უარს აცხადებს და მისი მხრიდან ადგილი აქვს საკითხის პოლიტიზების მცდელობას.  დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები ითხოვენ გარკვეული სახის იურიდიულ თანამშრომლობას, რაც ქართული მხარისთვის მიუღებელია.

შეხვედრაზე განიხილეს ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები ეთნიკური ქართველების პრობლემები, მათ შორის თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების შეზღუდვა. ქართული მხარის  ინფორმაციით, არსებობს მინიშნებები გარკვეული სახის პროვოკაციული ქმედებების შესახებ, რამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ადგილზე სტაბილურობას და უსაფრთხოებას. აღნიშნული ინფორმაცია ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს გაუზიარეს.

ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გრძელდება მუშაობა უკანონო პატიმრობაში მყოფი გიორგი ლუკავას გათავისუფლების საკითხზე.