ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

19-10-2016

გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრა გაიმართა

გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით მე-40 შეხვედრა გაიმართა.

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრაზე პრინციპულად დააყენეს მიმდინარე წლის 19 მაისს, ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში საქართველოს მოქალაქის გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხი და საოკუპაციო ძალების მხრიდან  მკვლელობაში ბრალდებული პირის დაკავების, მისი ცენტრალური ხელისუფლებისთვის გადმოცემის და ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარდგენის აუცილებლობაზე ისაუბრეს.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს 2012 წელს, ოკუპირებული გალის რაიონში დაკავებული საქართველოს მოქალაქის ზაზა წულუკიას საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა  მონაწილეებს გარკვეული ტიპის ინფორმაცია მიაწოდეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რიგი კითხვები გააჩნია და შესაბამისად, დისკუსია მომავალ შეხვედრაზეც გაგრძელდება.

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა  შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს  ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ციხეში, უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების შესახებ და მოითხოვეს მათი უმოკლეს ვადაში გათავისუფლება.

შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა ის ინციდენტები, რომელიც უკავშირდება ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები ეთნიკურად ქართველი მოსწავლეებისთვის  საოკუპაციო ხაზზე თავისუფლად გადაადგილების შეზღუდვას. ამ მხრივ გარკვეული სახის პოზიტიური შედეგი იქნა მიღწეული, რადგან  დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, საკითხი ამოწურულია და მომავალში ადგილობრივ მოსწავლეებს მსგავსი სახის პრობლემა აღარ შეექმნებათ.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა 11 ნოემბერს გაიმართება.