ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

06-12-2016

სუს-ში  აშშ-ის სახელმწიფო მდივნის  თანაშემწის მოადგილე  საიმონ ლიმაჟესთან შეხვედრა გაიმართა

ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით აშშ-ის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში  გაუვრცელებლობის დარგში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან გამართულ შეხვედრაზე. მხარეებმა ბირთვული კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით საქართველოს შესაძლებლობების განვითარებისა და საზღვრის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოსა და აშშ-ის შორის თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივები  მიმოიხილეს.

შეხვედრას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის უფროსი, საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის დირექტორი, სპეციალურ დავალებათა სამსახურის უფროსი და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა აშშ-ის წარმომადგენლებს სუს-ის, როგორც ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელი უწყების მიერ ქბრბ საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით საქართველოში განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და ქართული მხარის მიერ ქბრბ ნივთიერებებისა და მასალების უკანონო ბრუნის გამოვლენისა და აღკვეთის კონკრეტული ფაქტები განიხილეს.

„მე ჩამოვედი საქართველოში და გავმართე შეხვედრა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, რომელიც აშშ-ის მტკიცე პარტნიორია ბირთვული კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლაში.  ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო შეხვედრა იყო, ჩვენი თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტზე ვისაუბრეთ.

 საქართველო მნიშვნელოვანი ლიდერია როგორც  რეგიონალურ, ისე საერთაშორისო დონეზე  ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების გავრცელებისა და ბირთვული კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩვენ ძალიან ამაყები ვართ, რომ საქართველოსთან ვთანამშრომლობთ ამ საფრთხის წინააღმდეგ“- განაცხადა გაუვრცელებლობის დარგში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე საიმონ ლიმაჟემ.

„შეხვედრის ფარგლებში ხაზი გაესვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლობას ბირთვული და რადიოლოგიური საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში. ბატონმა საიმონ ლემანჟემ ხაზი გაუსვა საქართველოს, კერძოდ კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის  მიერ მიღწეულ წარმატებებს აღნიშნულ  სფეროში. საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი, როგორც ქიმიური, რადიოლოგიური, ბირთვული და ბიოლოგიური საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის საკოორდინაციო საბჭოს სამდივნო, მადლობას უხდის ამერიკულ მხარეს გაწეული დახმარებისთვის და მტკიცე მხარდაჭერისთვის“ - განაცხადა საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა მანანა ბაღაშვილმა.