ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

07-03-2017

სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს და სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ქრთამის აღების ფაქტზე ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა კობალაძე დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ 2015-2016 წლებში ქალაქ ოზურგეთის მერიამ შპს ,,პირამიდა-ფ.რ. ფილიალთან“ გააფორმა ხელშეკრულებები ქალაქ ოზურგეთის დაზიანებული ქუჩების რეაბილიტაციისა და მდინარე ,,ბჟუჟი“-ს ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით. აღნიშნულმა კომპანიამ ვერ შეძლო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ვადაში სამუშაოების დასრულება, რის გამოც დღის წესრიგში დადგა მასთან ხელშეკრულებების შეწყვეტის საკითხი. ქ.ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე გელა კობალაძე შეხვდა შპს ,,პირამიდა - ფ.რ. ფილიალის“ ტექნიკურ მენეჯერს და თავისი თანამდებობის გამოყენებით დაჰპირდა ზემოხსენებული ხელშეკრულებების ვადების გაგრძელებას და უკვე შესრულებულ სამუშაოებზე მისაღები დაახლოებით 150 000 ლარის ჩარიცხვას, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით მოსთხოვა და აიღო ფულადი თანხა 50 000 ლარის ოდენობით, რა დროსაც იგი სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დააკავეს.
გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს ( საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 11 - დან 15 წლამდე).