ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

16-03-2017

სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე ორი პირი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე საქართველოს ორი მოქალაქე: ბექა ბ. და მერაბ ბ. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბექა ბ, მერაბ ბ-სთან წინასწარი შეთანხმებით, ვითომდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის მაღალი თანამდებობის პირების მეშვეობით, საქართველოს მოქალაქეს  მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მშენებლობის ნებართვის გაცემაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდ მოსთხოვა 10 000 აშშ დოლარის გადახდა.

აღნიშნულმა პირებმა მოქალაქეს თაღლითურად,  წინასწარ გამოართვეს მათ მიერ მოთხოვნილი თანხა 10 000 აშშ დოლარის ოდენობით, რა დროსაც ისინი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დააკავეს.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე  მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 19-180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით ითვალისწინებს).