ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

21-07-2017

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში წამყვან უწყებად დასახელდა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ტერორიზმის შესახებ 2016 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. ყოველწლიურ ანგარიშში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებთან ერთად, შეფასებულია საქართველოს მიერ განხორციელებული ღონისძიებები ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის წამყვანი უწყება ტერორიზმთან დაკავშირებულ ინციდენტებზე რეაგირების კუთხით და ზოგადად არის კარგად აღჭურვილი და მომზადებული. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით, მთლიანობაში, მთავრობას მნიშვნელოვნად შესწევს უნარი გამოავლინოს, შეაკავოს და რეაგირება მოახდინოს ტერორიზმის შემთხვევებზე. როგორც აღნიშნულია ანგარიშში, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე სამინისტროს და სამსახურს აქვს პოლიტიკაზე ორიენტირებული კონტრტერორისტული როლი, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გახდა წამყვანი უწყება ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში, მას შემდეგ რაც გამოეყო შინაგან საქმეთა სამინისტროს 2015 წელს.

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ  საქართველო,  როგორც  „ისლამური სახელმწიფოს“ (ISIS) წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური კოალიციის დიდი ხნის წევრი, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად ინტენსიურად იყო ჩართული კონტრტერორიზმთან დაკავშირებულ საკითხებში და დარჩა ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე პარტნიორად გლობალურ უსაფრთხოებაში.  აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ 2016 წლის აგვისტოში, თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო „ისლამური სახელმწიფოს“ (ISIS) მებრძოლი დავით ბორჩაშვილი და მიუსაჯა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა ტერორისტული ორგანიზაციის წევრობისთვის და ტერორისტულ საქმიანობაში მონაწილეობისთვის.

ანგარიშის მიხედვით, საქართველოს უწყებები აგრძელებდნენ მუშაობას უსაფრთხოების საკითხებზე ამერიკის შეერთებულ შტატებთან და რეგიონულ კოლეგებთან ინფორმაციის უფრო აქტიური გაცვლის მიმართულებით. საქართველომ ასევე მიაღწია პროგრესს ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ შიდასახელმწიფოებრივი პროგრამის იმპლემენტაციის მიმართულებით.

ანგარიშის ნაწილში „კანონმდებლობა, კანონის აღსრულება და საზღვრის უსაფრთხოება“  ნათქვამია, რომ  საქართველომ განაგრძო კონტრტერორისტული კანონმდებლობის განვითარება 2016 წელს და ამჟამად აქვს არსებითი სამართლებრივი ჩარჩო ტერორიზმთან დაკავშირებული დანაშაულების სისხლისსამართლებრივი დევნისათვის. გაეროს უშიშროების საბჭოს 2178 რეზოლუციის შესაბამისად, 2015 წელს, საქართველოს მთავრობამ შეცვალა სისხლის სამართლის კოდექსი და სხვა შესაბამისი საკანონმდებლო აქტები იმისათვის, რომ მომხდარიყო უცხოელი ტერორისტი მებრძოლების ქმედებების და ტერორიზმისკენ საჯაროდ მოწოდების კრიმინალიზაცია. აღნიშნული ცვლილებები აგებული იყო სისხლის სამართლის კოდექსში 2014 წელს შეტანილ ცვლილებებზე, რომლებმაც მოახდინა საერთაშორისო ტერორიზმში მონაწილეობის, ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანებისთვის გადაბირების და ტერორისტული აქტის ხელშეშლისთვის ზომების მიუღებლობის კრიმინალიზაცია.

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ გააგრძელა საქართველოს მთავრობის შესაძლებლობების გაძლიერება მასობრივი განადგურების იარაღის გამოვლენის და აღკვეთის მიმართულებით. საქართველო უზიარებს ტრანსსასაზღვრო ტერორიზმთან დაკავშირებულ ინფორმაციას თავის სამხრეთის მეზობლებს - სომხეთს, აზერბაიჯანს და თურქეთს, პოლიციის ატაშეების მეშვეობით, ასევე  სასაზღვრო გამტარ პუნქტებთან სამუშაო დონის ურთიერთქმედებით.

ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით, ანგარიშში აღნიშნულია, რომ  საქართველო არის  ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების შეფასების ექსპერტთა კომიტეტის (MONEYVAL) და ფინანსური ქმედებების სპეციალური ჯგუფის (FATF) -ტიპის რეგიონული ორგანოს  წევრი.

ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით, დოკუმენტში ნათქვამია, რომ  2016 წელს, საქართველო პირვანდელი სახით ახორციელებდა უწყვეტ ძალისხმევას მოწყვლად მოსახლეობაში ძალადობრივი რადიკალიზაციის აღკვეთის მიმართულებით. მთავრობა აგრძელებდა ძალისხმევას პანკისის ხეობაში ახალგაზრდების მიმართ ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ (CVE). მაგალითად, განათლების  სამინისტრო მუშაობდა ადგილობრივ სკოლებთან პანკისში, რათა გაეუმჯობესებინა ქართული ენის სწავლება, სამოქალაქო განათლება და  მეცადინეობები მეცნიერების დარგში. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ გააუმჯობესა სასკოლო სპორტული დარბაზები და შექმნა გახანგრძლივებული დღის პროგრამები. გასულ წელს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ, აგრეთვე წარმოადგინა ეროვნული ყოვლისმომცველი ახალგაზრდული პროგრამები, რომლებიც ნაწილობრივ მიმართულია ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლისკენ. მაგალითად, ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების პროგრამა სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღების და კარიერის განვითარების საშუალებას იძლევა. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ წარმოადგინა სხვადასხვა პროგრამები მთელი ქვეყნის მასშტაბით, რომელთა მიზანია პატიმრობაში მყოფი პირების რეაბილიტაცია, რომლებიც თავისუფლების აღკვეთის პერიოდში მუდმივად ექვემდებარებიან შეფასებას ძალადობრივი რადიკალიზაციის ნიშნების მიხედვით, რათა მოამზადონ ისინი სამოქალაქო საზოგადოებაში დასაბრუნებლად. წარმოდგენილი პროგრამები მოიცავენ სიბრაზის მართვას, სტრესთან განმკლავებას, შემდგომ განათლებასა და კარიერის განვითარებას.

საერთაშორისო და რეგიონალური თანამშრომლობის კუთხით, დოკუმენტის მიხედვით,  საქართველო აქტიურადაა ჩართული ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში საერთაშორისო, რეგიონულ და ორმხრივ დონეზე. საქართველო მჭიდროდ თანამშრომლობს ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციასთან (NATO), მონაწილეობს ერაყისა და „ისლამური სახელმწიფოს“ (ISIS) წინააღმდეგ ბრძოლის კოალიციაში და მის უცხოელ ტერორისტ მებრძოლთა სამუშაო ჯგუფში; არის  ევროპის საბჭოს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კონვენციის და მისი შესწორებების ოქმის წევრი; შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის და გუამის (საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი და მოლდოვა) დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის მონაწილე. 2016 წელს, საქართველო აგრეთვე მონაწილეობდა ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კონფერენციაში ბერლინში.

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საქართველო რჩება სამხედრო ძალის უმსხვილეს კონტრიბუტორად ერთ სულ მოსახლეზე, უმსხვილეს კონტრიბუტორად ნატო-ს არაწევრი ქვეყნებიდან, და რიგით მეოთხე უმსხვილეს კონტრიბუტორად, ამერიკის  შეერთებული შტატების, გერმანიის, და იტალიის შემდეგ, ნატო-ს ეგიდით მოქმედ მტკიცე მხარდაჭერის მისიაში (RSM) ავღანეთში, 870-ზე მეტი ჯარისკაცით.