ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

03-10-2017

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა გაიმართა

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 81-ე შეხვედრა გაიმართა. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებთან ბოლო პერიოდში საოკუპაციო ზოლზე, მის მიმდებარე ტერიტორიებზე დაფიქსირებული ინციდენტები და ოკუპირებულ რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები განიხილეს.

შეხვედრაზე მონაწილეებმა ისაუბრეს ცხინვალის ე.წ. ციხეში უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქის გიორგი გიუნაშვილის გათავისუფლების და 2014 წელს გაუჩინარებული, მოგვიანებით კი გარდაცვლილი დავით ბაშარულის საქმის გამჭვირვალე გამოძიების აუცილებლობის საკითხებზე.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ოკუპირებულ სოფ. ერედვში ქართული მოსახლეობის კუთვნილი საცხოვრებელი სახლების მიზანმიმართული დანგრევის და  ქართული კვალის წაშლის მცდელობის ფაქტებს.

ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ ბოლო პერიოდში დაფიქსირებულ ე.წ. ბორდერიზაციის ფაქტებზე და მისგან გამოწვეულ ნეგატიურ შედეგებზე.

  ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა 2017 წლის 16 ნოემბერს გაიმართება.