ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

06-06-2018

სუს-ის უფროსის მოადგილემ ბირთვული და რადიაციული კონტროლის საკითხებზე სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული სწავლება გახსნა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ, გრიგოლ ლილუაშვილმა ბირთვული და რადიაციული კონტროლის საკითხებზე სამხრეთ აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული სწავლება „ლომის ფარი“ (LIONSHIELD) გახსნა.

აღნიშნული სწავლება ევროკავშირის ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) საფრთხეების შემცირების გამოცდილების გაზიარების ინიციატივის ფარგლებში განხორციელდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, გაეროს რეგიონთაშორისი დანაშაულისა და მართლმსაჯულების კვლევითი ინსტიტუტის და უკრაინის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრის პარტნიორობით.

ღონისძიებას მასპინძლობს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, როგორც სწავლების თანაორგანიზატორი. სწავლების პრაქტიკული ნაწილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს ტექნოლოგიური ინოვაციების და სწავლების ცენტრში გაიმართება.

სწავლების დროს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მონაწილე სექტორებსა და სახელმწიფოებს შორის რეგიონულ თანამშრომლობას. ოთხდღიან პრაქტიკულ სწავლებას გაივლიან ალბანეთის, ბოსნია და ჰერცოგოვინას, მაკედონიის, მოლდოვას, მონტენეგროს, სერბეთის, სომხეთისა და უკრაინის წარმომადგენლები.

სწავლება შედგება სამი საველე სიმულაციისგან, რომელიც დაფუძნებული იქნება  სამ განსხვავებულ სცენარზე. სცენარები ორიენტირებული იქნება   ბირთვული და რადიოაქტიური მასალების კონტრაბანდის შემოტანის შემთხვევებზე.  მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ შეამოწმონ ბირთვული და რადიაციული მასალების გამოვლენის კუთხით არსებული რესურსები და რეგიონის ქვეყნებს შორის არსებული კოორდინაციის შესაძლებლობები.

სწავლებას შეაფასებენ ქართველი და უცხოელი ექსპერტები, მათ შორის, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს, ინტერპოლის, ნორვეგიის რადიაციული დაცულობის ორგანიზაციის, საქართველოში აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოსა და აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის წარმომადგენლები.