ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

26-10-2018

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველს უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველს, ჯონ ბოლტონს უმასპინძლეს. შეხვედრა შინაგან საქმეთა სამინისტროში გაიმართა.

მხარეებმა უსაფრთხოების კუთხით საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები, რეგიონალური საფრთხეები და ამ კონტექსტში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. შეხვედრისას ხაზი გაესვა უსაფრთხოების სფეროში აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობას.

განხილვის თემას ასევე წარმოადგენდა საქართველოს უსაფრთხოების სექტორის რეფორმა. ამ კონტექსტში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქვეყანაში ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის ეფექტური მექანიზმების შემუშავების აუცილებლობას. მხარეებმა უსაფრთხოების სფეროში, სტრატეგიულ დონეზე პოლიტიკის მაკოორდინირებელი ორგანოს შექმნის საკითხიც განიხილეს.

ჯონ ბოლტონის ვიზიტი საქართველოს მიმართ აშშ-ის ადმინისტრაციის ურყევ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებს. აშშ, როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, ქვეყნისთვის კვლავაც უმნიშვნელოვანეს დასაყრდენად რჩება ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერებისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის თვალსაზრისით.