ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

10-12-2018

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი უწყებათშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლების „დიდგორი 2018“ გახსნას დაესწრო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური კრწანისში, ნატო-საქართველოს წვრთნების და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) უწყებათშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლების „დიდგორი 2018“ გახსნას დაესწრო.

სწავლების დაწყება მონაწილეებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მიულოცეს და სიტყვით მიმართეს.

სწავლების გახსნის ოფიციალური ღონისძიების დასრულების შემდეგ მოწვეულმა სტუმრებმა ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის ახალი შტაბის შენობაში გადაინაცვლეს.

„დიდგორი 2018“ ხელმძღვანელმა, ბრიგადის გენერალმა ზაზა ჩხაიძემ სწავლების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი ჩაატარა და მოწვეულ სტუმრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

„დიდგორი 2018“ ხუთი დღის მანძილზე გაგრძელდება. მისი პირობითი სცენარიდან გამომდინარე, ტოტალურ თავდაცვაში ჩართული სახელმწიფო უწყებები, კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამის ღონისძიებებს შეასრულებენ და ჰიბრიდული ომისა თუ სხვა გამოწვევების ფონზე კოორდინირებული ურთიერთქმედება მოუწევთ. სამეთაურო-საშტაბო სწავლება კომპიუტერული სიმულაციური სისტემების მხარდაჭერით განხორციელდება.

სწავლება „დიდგორი 2018“ ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC), მთავრობის კანცელარიასა და სენაკში, II ქვეითი ბრიგადის ბაზაზე გაიმართება.