ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

19-03-2019

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული საქართველოს შვიდი მშვიდობიანი მოქალაქის ნეშტის გადმოსვენება განხორციელდა.

2017 წლის ოქტომბრის თვეში, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სოფელ თამარაშენის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) მიერ განხორციელდა სამარხის გახსნა და ნეშტების ექსგუმაცია.

ნეშტებს ჩაუტარდათ ექსპერტიზა საერთაშორისო ლაბორატორიაში ხორვატიის ქალაქ ზაგრებში, რის შედეგადაც მათი იდენტიფიცირება მოხდა.

ამჟამად ნეშტები გადასვენებულია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში და შესაბამისი პროცედურების ჩატარების შემდეგ მოხდება მათი ოჯახებისთვის გადაცემა.

90-იან წლებში ცხინვალის რეგიონში მომხდარი კონფლიქტის, ასევე 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების საკითხთან დაკავშირებით, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) ეგიდით ფუნქციონირებს სამმხრივი საკოორდინაციო მექანიზმი, რომელშიც საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური წარმოადგენს.