ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

16-05-2019

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრა გაიმართა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 93-ე შეხვედრა გაიმართა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა  მკაცრად დააყენეს არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საკითხი და კატეგორიულად მოითხოვეს შინაგანი ორგანოებისა და პირადი ნივთების გადმოცემა.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი დავით ბაშარულის საკითხს, საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტებსა და უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის შემთხვევებს.

შეხვედრაზე მწვავედ დაისვა მიმდინარე წლის 15 მაისს, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ რუსეთის ფედერაციის სამხედრო ვერტმფრენის ფრენის ფაქტი. ხაზგასმით აღინიშნა,  რომ მსგავსი ტიპის უკანონო ქმედება არის პრინციპულად მიუღებელი, უკიდურესად სახიფათო და მნიშვნელოვნად აზიანებს ადგილზე უსაფრთხოების გარემოს.

ასევე, შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს ბოლო პერიოდში ოკუპირებულ რეგიონსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე დაფიქსირებული ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტი, რომელიც საფრთხეს უქმნის სტაბილურობას, აზიანებს უსაფრთხოების გარემოს და ზღუდავს ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის თავისუფლად გადაადგილებას საოკუპაციო ხაზის გასწვრივ.