ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

31-08-2020

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს გამოვეხმაუროთ მასმედიაში გავრცელებულ მცდარ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კუთვნილი ავტომობილების მეშვეობით, გარდაცვლილი თ. ბაჩალიაშვილის მიმართ შესაძლო თვალთვალის განხორციელებასთან დაკავშირებით.

პირველ რიგში, სამსახურის სახელით, გვსურს თანავუგრძნოთ გარდაცვლილის ოჯახს და ახლობლებს.  სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ აღნიშნულ ტრაგიკულ შემთხვევასთან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს არანაირი შემხებლობა არ გააჩნია.

მიზანმიმართულად გავრცელებული ყველა არასწორი ვერსია მიზნად ისახავს  აღნიშნული სამსახურის და მისი ღირსეული თანამშრომლების დისკრედიტაციას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. აღნიშნული ცრუ ვერსიების გავრცელების უკან კი დგანან პოლიტიკურად ანგაჟირებულ პირთა ჯგუფები და კონკრეტული მედიასაშუალებები.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ავტომობილების გადაადგილება აღნიშნულ მარშრუტზე ხორციელდება ყოველდღიურად, რაც უკავშირდება თანამშრომლების მიერ დაკისრებული მოვალეობების კეთილსინდისიერად და ღირსეულად შესრულებას.

მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ პირს, გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, თავი შეიკავონ არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან და საზოგადოებაში არსებული ინტერესის გათვალისწინებით, დაელოდონ გამოძიების შედეგებს, რომლებიც აუცილებლად მოჰფენს ნათელს საზოგადოებისთვის ყველა დღემდე უცნობ დეტალს.

კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახს.