ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

25-09-2020

გრიგოლ ლილუაშვილმა საქართველოს კიბერუსაფრთხოების პირველ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა საქართველოს კიბერუსაფრთხოების პირველ ფორუმში მიიღო მონაწილეობა და შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
გრიგოლ ლილუაშვილმა ფორუმის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მგავსი ღონისძიება, საშუალებას იძლევა მოხდეს, ამ მიმართულებით ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეებისა და გამოწვევების შესახებ, როგორც ჩვენი პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენელთა, ისე სხვა რელევანტური აქტორების ხედვების გაზიარება.


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ყურადღება, კიბერუსაფრთხოების სისტემის განვითარებაზე გაამახვილა და უწყების მიერ, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ამ მიმართულებით საქმიანობის სხვადასვა ასპექტებზე ისაუბრა.


როგორც, გრიგოლ ლილუაშვილმა აღნიშნა- „სახელმწიფო მმართველობის, ასევე საზოგადოებრივი ცხოვრების ფაქტობრივად ყველა ეტაპზე, ინფორმაციული ტექნოლოგიების დანერგვის და მათზე დამოკიდებულების ზრდის მუდმივი ტენდენციის პირობებში, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ქვეყანაში კიბერუსაფრთხოების მდგრადი სისტემის შექმნა და არსებობა.


ერთი მხრივ, ხელი უნდა შევუწყოთ ინფორმაციული ინფრასტრუქტურის და სისტემების დაცვას კიბერშეტევებისგან, რომელთა უსაფრთხო ფუნქციონირებას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს ქვეყნის უსაფრთხოებისთვის და მეორე მხრივ, იგი უნდა გახდეს დამატებითი ფაქტორი ქვეყნის შემდგომი ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის“.


უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, სიტყვით გამოსვლისას, საკანონმდებლო ხარვეზებსა და მისი აღმოფხვრის საჭიროებებზეც ისაუბრა. ასევე, ქვეყანაზე განხორციელებულ კიბერშეტევების კონკრეტულ მაგალითებზე გაამახვილა ყურადღება.


გრიგოლ ლილუაშვილმა ამერიკელ და ბრიტანელ კოლეგებს მადლობა გადაუხადა, აღნიშნული ინციდენტების გამოძიებაში გაწეული მნიშვნელოვანი დახმარებისთვის, როგორც ინფორმაციის, ასევე საექსპერტო ცოდნის გაზიარების კუთხით.


ღონისძიება საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ გახსნა. ფორუმის მონაწილეებს სიტყვით ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, საქართველოს მთავრობის წევრებმა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმაც მიმართეს.