ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

03-10-2020

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართა

გრიგოლ ლილუაშვილი - „როგორც იცით დღეს გაიმართა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა, რომელზეც ვიმსჯელეთ სომხეთ აზერბაიჯანს შორის განვითარებულ პროცესებზე და რეგიონში შექმნილ დაძაბულ ვითარებაზე.

ასევე განვიხილეთ მოვლენების განვითარების შესაძლო სცენარები და ის რისკები რაც უსაფრთხოების მიმართულებით იკვეთება.

მინდა გამოვეხმაურო სოციალურ მედიაში გავრცელებულ დეზინფორმაციას თითქოს თურქეთის ტერიტორიიდან აზერბაიჯანის მიმართულებით სირიაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე არაფორმალური შეიარაღებული ფორმირებები თითქოს და საქართველოს ტერიტორიის გავლით გადაადგილდებიან.

ამავე წყაროებში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხელი შეუშალონ ჩვენს კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში მშვიდობიან თანაცხოვრებას, კეთდება კონკრეტული მოწოდებები რათა გადაიკეტოს აზერბაიჯანის მიმართულებით მიმავალი საავტომობილო მაგისტრალი.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ გავრცელებულ ინფორმაციას რაც შეეხება მებრძოლების გადაადგილებასთან დაკავშირებით არანაირი საფუძველი არ გააჩნია, ეს არის სიცრუე და მიზნად ისახავს საქართველოში და ზოგადად რეგიონში ვითარების ესკალაციას და დაძაბვას.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აგრძელებს აქტიურ კომუნიკაციას  სომხეთისა და აზერბაიჯანის შესაბამის უწყებებთან.

უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით ყველა გადაწყვეტილება მიიღება რეგიონში არსებული ვითარებისა და მიმდინარე პროცესების დარეგულირების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.

ნებისმიერი აქტივობის წინააღმდეგ, რომელიც საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას და ასევე რეგიონში არსებულ სტაბილურობას, გატარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები“ - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა.

აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკებს შორის მორიგ სამხედრო დაპირისპირებასთან და შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართა.