ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

29-12-2020

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრი გაიხსნა

საქართველოს პრემიერ მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარესთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან ერთად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახლად გახსნილი სასწავლო ცენტრი დაათვალიერა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოსამსახურეთა შერჩევის, შეფასების და სპეცმომზადების ახალ სისტემას ნერგავს, რომელიც ევროკაშირის და NATO-ს წევრი ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკას ეფუძნება. სწორედ ამ მიზნით, სამსახურის სისტემაში შეიქმნა ახალი, თანამედროვე სასწავლო ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფილი სასწავლო ცენტრი, სადაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თითოეული თანამშრომელი უახლესი ტექნოლოგიებისა და პროგრამების მეშვეობით სრულად გადამზადდება.

გარდა ამისა, განხორციელებული რეფორმის შედეგად სამსახური შეძლებს, შეარჩიოს და მოამზადოს კვალიფიციური, მაღალი ინტელექტუალური შესაძლებლობების მქონე, მოტივირებული კადრები, რომლებიც გაივლიან საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის სპეცმომოზადებას და ჩამოყალიბდებიან მაღალი დონის პროფესიონალებად.


სასწავლო ცენტრში დასაქმდება 50-მდე ადამიანი, რომლებიც სამსახურის კადრების პროფესიულ განვითარებაზე იქნებიან ორიენტირებული. ცენტრის ინსტრუქტორთა კორპუსი შედგება ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტებისგან, ასევე მოქმედი მოსამსახურეებისგან, რომლებიც მათ ცოდნას და გამოცდილებას გაუზიარებენ ცენტრის მსმენელებს.


ცენტრის ბაზაზე, მოეწყობა უსაფრთხოების მუზეუმი, სადაც განთავსდება უსაფრთხოების სფეროსთან დაკავშირებული ისტორიული მონაცემები და უსაფრთხოების სამსახურში არსებული არტეფაქტები. მუზეუმი უმასპინძლებს სხვადასხვა შემეცნებით ღონისძიებებს და საჯარო ლექციებს სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეებისთვის.
სასწავლო ცენტრში ასევე მოწყობილია, თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების ბიბლიოთეკა, სადაც თავმოყრილია უსაფრთხოების თემატიკაზე გამოცემული სხვადასხვა პერიოდის უცხოური და ქართული ლიტერატურა.


პროფესიული გადამზადების გარდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრი, შეიმუშავებს სამოქალაქო განათლების პლატფორმას სხვადასხვა სოციალური და ასაკობრივი ჯგუფებისთვის. აღნიშნულის მიზანია, საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება, უსაფრთხოების სექტორის პოპულარიზაცია და მასში სამოქალაქო სექტორის ჩართულობა.