ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

15-02-2021

უენდი მორტონი საოკუპაციო ხაზს ეწვია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად  ევროპული სამეზობლოსა და ამერიკის საკითხებში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მინისტრს  უენდი მორტონს საოკუპაციო ხაზზე უმასპინძლეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ,  მინისტრს დეტალურად გააცნო ოკუპაციის შედეგად ადგილზე არსებული მძიმე ვითარება.

ყურადღება გამახვილდა რუსეთის საოკუპაციო ძალების მზარდ მილიტარიზაციაზე, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ წარმოებულ ე.წ. ბორდერიზაციის პროცესზე, ქართველების ეთნიკურ დისკრიმინაციასა და ადგილობრივი მოსახლეობის უკანონო დაკავებაზე. მათ შორის ხაზგასმით აღინიშნა ოკუპირებულ ცხინვალში უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის შემთხვევა.

„მე ვიმყოფები დღეს აქ, ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე, რომელმაც 2008 წლის შემდეგ საქართველო  ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისგან გახლიჩა,  რათა საკუთარი თვალით ვიხილო, თუ რას ნიშნავს ადგილობრივი მოსახლეობისთვის მავთულხლართები და რუსეთის შეიარაღებული ძალების ადგილზე არსებობა. ამ თორმეტწლიანი კონფლიქტის შედეგად გადახდილი ადამიანური ფასი რეალურია: გაიხლიჩა ოჯახები, ადამიანებმა ერთ დღეს გაიღვიძეს და გააცნობიერეს, რომ ცხოვრობდნენ რუსეთის კონტროლს დაქვემდებარებული თვითგამოცხადებული მთავრობის პირობებში, აღარ ჰქონდათ წვდომა საკუთარ მიწებსა და სალოცავებზე.

დიდი ბრიტანეთი განუხრელად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ ვგმობთ რუსეთის მიერ ეფექტური კონტროლის განხორციელების მიმდინარე პროცესს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მტრული და დესტაბილიზაციისკენ მიმართული საქმიანობის პრაქტიკას იმ ქვეყნების მისამართით, რომელსაც ის საფრთხედ მიიჩნევს“ - განაცხადა ევროპული სამეზობლოსა და ამერიკის საკითხებში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მინისტრმა.