ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

28-05-2021

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელს და უგზო უკვლოდ დაკარგულთა საკითხებში დესპანს შეხვდა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დელეგაციის ხელმძღვანელთან სევერინ შაპაზთან და კავკასიაში უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა საკითხებში დესპანთან დანიელ მაკ სვინისთან.

შეხვედრაზე მხარებმა განიხილეს საქართველოს და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს შორის არსებული თანამშრომლობა. ხაზგასმით აღინიშნა ორგანიზაციის მიერ საქართველოში გაწეული ჰუმანიტარული ძალისხმევა, განსაკუთრებით, შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის მხარდაჭერის კუთხით.

აღინიშნა უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიებისა და იდენტიფიკაციის საკითხებში არსებული ეფექტური თანამშრომლობა და მაღალი შეფასება მიეცა ამ პროცესში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ჩართულობას. ამ კონტექსტში, საუბარი შეეხო კავკასიაში უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა საკითხებში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დესპანის დანიელ მაკ სვინის დანიშვნას.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს, რომ დესპანის პოზიცია პირველად შეიქმნა ორგანიზაციაში, რაც დასტურია იმისა, თუ რაოდენ აუცილებელია გაგრძელდეს მუშაობა 90-იანი წლებისა და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების აღმოჩენის მიმართულებით.

შეხვედრისას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო საქართველოს ხელისუფლებისთვის ერთერთ პრიორიტეტულ საკითხს - ოკუპირებულ რეგიონებში უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების - ზაზა გახელაძის, ლაშა ხეთერელის, გენადი ბესტაევის და ირაკლი ბებუას უპირობოდ გათავისუფლებას.

მხარეებმა, ასევე განიხილეს COVID-19-ის პანდემიის კონტექსტში შექმნილი ვითარება და არსებული გამოწვევები და მათი დაძლევის კუთხით მიმართული ძალისხმევა.