ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

06-08-2021

საქართველოში რეგიონში პირველი მულტისენსორული სისტემების მომსახურების ცენტრი გაიხსნა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს კომუნიკაციების მთავარი სამმართველოს სასაზღვრო უსაფრთხოების ტექნოლოგიების სამმართველოს ბაზაზე, აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) მხარდაჭერით, რეგიონში პირველი მულტისენსორული სისტემების მომსახურების  ცენტრი გაიხსნა.

 

ცენტრის მიზანია, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და თავდაცვის უწყებების მიერ საკუთარი საქმიანობის პროცესში გამოყენებული მულტისენსორული სისტემებისა და მათი კომპონენტების ტექნიკური მომსახურება და პროგრამული გამართვა.

 

„ამერიკულ მხარეს, კერძოდ, DTRA-ს არაერთხელ აღმოუჩენია დახმარება საქართველოსთვის, სასაზღვრო გამტარ პუნქტებსა თუ სასაზღვრო  ზოლში საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების კუთხით. ამჯერადაც, DTRA-მ ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს გადასცა სპეცტექნიკა, რომელიც სასაზღვრო რეგიონებს მაღალსიჩქარიანი ქსელით უზრუნველყოფს“, - აღნიშნა ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსმა კობა კობიძემ.

 

აშშ-ს თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს თანამშრომლების მაღალ კვალიფიკაციას და სააგენტოსთან სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტები განსაზღვრეს.

 

ღონისძიების ფარგლებში, სტუმრებმა მომსახურების ცენტრი  და ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის ინფრასტრუქტურის მოსაწყობი სპეციალური ტექნიკა და სამონტაჟო აღჭურვილობა დაათვალიერეს.

 

გაიმართა  სასაზღვრო საკომუნიკაციო ქსელის პროექტის პრეზენტაცია. სერტიფიკატები გადაეცა ცენტრში მომუშავე პერსონალს, რომლებმაც სერტიფიცირებული სწავლება, ორ ეტაპად, შვედეთსა და საქართველოში გაიარეს.

 

ღონისძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ - ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს, აშშ-ის საელჩოს, აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA), საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისა და საქართველოს სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო და აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტო (DTRA) 2016 წლიდან თანამშრომლობენ საქართველოს სახელმწიფო და სასაზღვრო უსაფრთხოების სფეროში საინფორმაციო-ტექნოლოგიური შესაძლებლობების განსავითარებლად.