ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

26-08-2021

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება

გვსურს გამოვეხმაუროთ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას პანკისის ხეობაში დაკავებული პირების გიორგი გაბუნიას საქმესთან შესაძლო კავშირზე.  ინფორმაცია თითქოს ადვოკატებისთვის გადაცემულ ელექტრონული ინფორმაციის მატარებელ მოწყობილობაზე ჩაწერილი იყო ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მკვლელობის მომზადების ფაქტთან დაკავშირებით ნიკა გვარამიას ბრიფინგის ამსახველი კადრები სიმართლეს არ შეესაბამება. აღნიშნულს არანაირი შემხებლობა მოცემულ საქმესთან არ გააჩნია და ადვოკატებისთვის გადაცემულ ელექტრონულ მასალებში ჩაწერილი იყო მხოლოდ ტერორიზმში ბრალდებულ პირებთან დაკავშირებული მტკიცებულებები.

ამასთან, ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დაკავებულ პირებს და მათი ინტერესების დამცველ ადვოკატებს, ბრალდების წარდგენისთანავე გადაეცათ სისხლის სამართლის საქმის სრული ასლები მატერიალურად და ელექტრონული ინფორმაცია ჩაწერილი გარე მეხსიერების ბარათებზე. ბრალდების წარდგენის ეტაპზე საქმე არ შეიცავდა საიდუმლო მასალებს, რაც ბრალდებულებსა და მათ ინტერესთა დამცველებს აძლევდათ მისი დაინტერესებული პირებისთვის გადაცემის ან გასაჯაროების შესაძლებლობას, შესაბამისად აღნიშნული მასალები ხელმისაწვდომი გახდა მედიისა და საზოგადოებისთვის.

გვსურს კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებზე, მათ შორის ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართებით შესაბამისი უწყებების მიერ განხორციელებული ღონისძიებებისა და მიმდინარე სისხლის სამართლის გამოძიების გარშემო მიზანმიმართული დეზინფორმაციის გავრცელება ერთის მხრივ აზიანებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის იმიჯს და მიზნად ისახავს უწყების მიმართ საზოგადოების ნდობის შემცირებას, ხოლო მეორეს მხრივ მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ქვეყნის უსაფრთხოებას.