ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

06-09-2021

საქართველოში ვიზიტით მყოფი კონგრესმენები სოფელ ოძისში იმყოფებოდნენ

 საქართველოში მყოფი აშშ-ს კონგრესის წარმომადგენლები ვიზიტის ფარგლებში სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზს ეწვივნენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ ალექსი ბატიაშვილმა და სამსახურის წარმომადგენლებმა კონგრესმენებს დეტალურად გააცნეს ოკუპაციის შედეგად ადგილზე არსებული მძიმე ვითარება.

„ამერიკელ კონგრესმენებს გავაცანით ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, ოძისის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უსაფრთხოების გარემო. აღნიშნული  ვიზიტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ამერიკელი პარტნიორების, კერძოდ, აშშ-ის კონგრესის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“,-აღნიშნა გიორგი საბედაშვილმა.

ყურადღება გამახვილდა  საოკუპაციო ხაზის გასწვრივ წარმოებულ ე.წ. ბორდერიზაციის პროცესზე. საუბარი, ასევე, ქართველების ეთნიკურ დისკრიმინაციასა და ადგილობრივი მოსახლეობის უკანონო დაკავებებს შეეხო.

„ეს არის მნიშვნელოვანი გზავნილი, როგორც რუსეთის საოკუპაციო ძალებისთვის, ასევე საერთაშორისო საზოგადოებისთვის, რომ საქართველო არ არის მარტო და საქართველოს პარტნიორები მტკიცედ დგანან საქართველოს გვერდში, როგორც სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის თვალსაზრისით, ასევე კონკრეტული საკითხების მოგვარების კუთხით უსაფრთხოების და ჰუმანიტარულ სფეროებში,“- განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ.

კონგრესმენებმა საოკუპაციო ხაზზე პირადად დასწრებისა და ადგილზე ოკუპაციის შესახებ ინფორმაციის მიღების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

„მნიშვნელოვანია აქ ჩამოსვლა და რუსეთის მიერ საქართველოს მიმართ განხორციელებული ოკუპაციის საკუთარი თვალით ხილვა. აქ ვიზიტი წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს აშშ-საქართველოს შორის ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით. მივესალმები ჩვენს მოწვევას. ჩემი აზრით მნიშვნელოვანია აქ ჩამოსვლა და არსებული ვითარების საკუთარი თვალით ნახვა. ერთია წაიკითხო ამის შესახებ და მეორეა ჩამოხვიდე და იხილო, თუ როგორ გამოიყურება საოკუპაციო ზონა“,- აღნიშნა კონგრესმენმა ბრაიან სტილმა.

„ მსოფლიოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია აქ არსებული ვითარების - ოკუპაციის ნახვა და მნიშვნელოვანია გავაგებინოთ რუსეთს, რომ ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ ამ საკითხს და ღრმად ვართ შეშფოთებულები იმ აგრესიით, რომელსაც აქ აქვს ადგილი. აქ სულ აშშ-ის ხუთი კონგრესმენი ვიმყოფებით იმის გამოსახატავად, რომ ჩვენ ვზრუნავთ საქართველოზე და მხარს ვუჭერთ მას,“ -  განაცხადა კონგრესმენმა ალექს მუნიმ.

„ ერთია მოისმინო ამის შესახებ, მაგრამ მეორეა საკუთარი თვალით იხილო და უშუალოდ  მოისმინო რუსეთის საქართველოში შემოჭრის საკითხის მნიშვნელობისა და მასშტაბის, ასევე, საქართველოს სუვერენიტეტის დაცვის  შესახებ. უაღრესად  მნიშვნელოვანია, რომ აქ ჩამოხვიდე და თავად იხილო ყოველივე,“- განაცხადა კონგრესმენმა კელი არმსტრონგმა.

„ვფიქრობ მნიშვნელოვანია ჩვენი აქ ყოფნა და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის დანახვა. მნიშვნელოვანია ვნახოთ, რა ხდება იმ ქვეყანაში, რომელთანაც მეგობრობა გვაკავშირებს, ასევე მნიშვნელოვანია ერთობლივად მუშაობა,“- აღნიშნა კონგრესმენმა როლანდ ესტესმა.

კონგრესმენებმა საქართველო-აშშ-ის მეგობრობაზე და აშშ-ის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერაზე გაამახვილეს ყურადღება.

„აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ქართველების უფლებას, იყვნენ საკუთარ ქვეყანაში. ჩვენ ძალიან ვამაყობთ, რომ ვართ საქართველოს, მისი მთავრობისა და დემოკრატიის  მეგობარი ქვეყანა,“ - განაცხადა კონგრესის წარმომადგენელმა კეროლ მილერმა.