ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

05-12-2021

გრიგოლ ლილუაშვილი უსაფრთხოების ზამთრის სკოლის პრეზენტაციას დაესწრო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის მიერ ორგანიზებული პროექტის - უსაფრთხოების ზამთრის სკოლის გახსნას დაესწრო და შეკრებილ სტუმრებს და  სტუდენტებს სიტყვით მიმართა.

სტუდენტებს, ასევე სიტყვით მიმართეს  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ შენგელი ფიცხელაურმა, იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა და ევროკავშირის პროექტის - „ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ხელშეწყობა“  ხელმძღვანელმა დენ პიტერსონმა.

როგორც გრიგოლ ლილუაშვილმა აღნიშნა, პროექტი პირველად ხორციელდება და მომავალშიც გაგრძელდება.

„არაჩვეულებრივი პროექტია, წამოწყება, რომელიც მომავალშიც გაგრძელდება ეს არის უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის მიერ დაარსებული ზამთრის სკოლა.

ხელშეწყობა გვაქვს ევროკავშირის წარმომადგენლობის, იუსტიციის სამინისტროსა და განათლების სამინისტროს მხრიდან და ყველას დიდი მადლობა ამისთვის.

არაჩვეულებრივი ახალგაზრდები შეიკრიბნენ, რომლებიც ეცნობიან ჩვენი სამსახურის სპეციფიკას, აქვთ უამრავი შეკითხვა, უამრავი ინიციატივა. ჩვენ მათ ყურადღებით ვუსმენთ, ვმსჯელობთ და ძალიან სასიამოვნოდ მიდის პროცესი“,-აღნიშნა უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა.

უსაფრთხოების ზამთრის სკოლაში  სტუდენტები საქართველოს სხვადასხვა რეგიონის კერძო და სახელმწიფო უნივერსიტეტებიდან მონაწილეობენ. პროექტის მიზანს უსაფრთხოების სფეროს შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და აკადემიური ინტერესის გაზრდა წარმოადგენს.

პროექტის პარტნიორები არიან იუსტიციის და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროები.

პროექტი ხორციელდება საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მხარდაჭერით.

უსაფრთხოების ზამთრის სკოლა ყვარელში, იუსტიციის სასწავლო ცენტრში იმართება და ის 14 დეკემბერს დასრულდება.