ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

09-09-2022

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტს 2021 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა

გრიგოლ ლილუაშვილმა 2021 წელს ქვეყნის წინაშე განვითარებული უსაფრთხოების პროცესები მიმოიხილა და  საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ საფრთხეებისა და გამოწვევების საპასუხოდ გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა სიტყვით გამოსვლისას ქვეყნის ოკუპაციაზე, კონტრტერორისტულ და კონტრდაზვერვით საქმიანობაზე, ასევე, კორუფციისა და სამოხელეო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაზე გაამახვილა ყურადღება და ხაზი გაუსვა ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მნიშვნელობას.

როგორც გრიგოლ ლილუაშვილმა განაცხადა, საანგარიშო პერიოდში საქმიანობის განხორციელებისას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენდა კოორდინირებული მუშაობა და თანამშრომლობა როგორც საქართველოს სახელმწიფო ორგანოებთან, ასევე სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების შესაბამის უწყებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. მისივე თქმით, ასევე, მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოებასთან კომუნიკაციის მიზნით სამსახურის მიერ გადადგმული ნაბიჯები.

სიტყვით გამოსვლის დასასრულს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა საქართველოს პარლამენტს, მან ასევე დიდი მადლიერება და პატივისცემა გამოხატა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თითოეული თანამშრომლის მიმართ, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში ემსახურებიან სამშობლოს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის 2021 წლის ანგარიშის წარდგენის შემდეგ სხდომა დახურულ ფორმატში, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.