ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

21-09-2022

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ ალექსი ბატიაშვილმა შეხვედრა გამართა კავკასიაში უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა საკითხებში წითელი ჯვრის სპეციალურ წარმომადგენელთან, დანიელ მაკ სვინისთან.


დანიელ მაკ სვინიმ შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა ანიეს ქოთუ, რომელიც მას შეცვლის კავკასიაში უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა საკითხებში წითელი ჯვრის სპეციალური წარმომადგენლის პოზიციაზე.
შეხვედრაზე მხარებმა განიხილეს საქართველოსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს შორის არსებული თანამშრომლობა. ხაზგასმით აღინიშნა ორგანიზაციის მიერ საქართველოში გაწეული ჰუმანიტარული ძალისხმევა, განსაკუთრებით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისა და რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად დაზარალებულ პირთა მხარდაჭერის კუთხით.


შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე. ხაზი გაესვა ოკუპირებულ რეგიონებში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის შეუზღუდავი წვდომის აუცილებლობას, მათ შორის, უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების მონახულების საჭიროებას.


მხარეებმა მაღალი შეფასება მისცეს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ძალისხმევას და ჩართულობის მაღალ ხარისხს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიებისა და იდენტიფიკაციის საკითხებში არსებული ეფექტური თანამშრომლობის პროცესში.


შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების უპირობოდ გათავისუფლების საკითხს.
მხარეებმა განიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ შექმნილი ვითარება და იმსჯელეს არსებულ გამოწვევებზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესზე.


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დელეგაციის ხელმძღვანელი ანნ მონტავონი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლები