ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

24-09-2022

საჯარო მოხელეებისთვის საინფორმაციო შეხვედრა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა“ გაიმართა

კორუფციისა და სამოხელეო დანაშაულის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, იმერეთის რეგიონში საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

შეხვედრაში, რომელსაც ქუთაისმა უმასპინძლა, მონაწილეობა ქუთაისისა და რეგიონის თერთმეტივე მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მიიღეს.

მონაწილეებისთვის გაიმართა პრეზენტაციები საჯარო სამსახურში კორუფციასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებზე, კერძოდ, საჯარო სამსახურში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ზოგადი ანტიკორუფციული კონცეფცია, კორუფციული და სამოხელეო დანაშაულის გამოძიება, ინტერესთა შეუთავსებლობა, მამხილებლის დაცვა. სემინარის მონაწილეები გაეცნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს საგამოძიებო სტატისტიკურ მონაცემებს და მოხდა პრაქტიკული საქმეების განხილვა.

ღონისძიება ანტიკორუფციული სააგენტოს პრევენციის სამსახურის უფროსმა თამთა კაჭკაჭიშვილმა და დასავლეთის რეგიონალური სამსახურის უფროსმა ირაკლი ჯიშკარიანმა გახსნეს.

შეკრებილ მონაწილეებს სტრასბურგიდან სიტყვით მიმართა ევროპის საბჭოს ეკონომიკური დანაშაულებისა და თანამშრომლობის განყოფილების პროგრამის კოორდინატორმა იგნასიო ესპინოზამ.

ქართველ საჯარო მოხელეებს კორუფციის პრევენციისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე ანტიკორუფციული სააგენტოს ექპერტებთან ერთად გამოცდილება გაუზიარა ევროპის საბჭოს ექსპერტმა, დოქტორმა კოსტანტინო გრასომ.

საინფორმაციო შეხვედრა, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის (PGGII) პროექტის - „კორუფციის, ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის სისტემების გაუმჯობესება საქართველოში“ ფარგლებში გაიმართა. საჯარო მოხელეებისთვის მსგავსი შეხვედრები უკვე ჩატარდა კახეთის მხარის საჯარო მოხელეებისთვის, ასევე თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თანამშრომლებისთვის.