ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

02-12-2015

შეხვედრა დიპკორპუსთან და უსაფრთხოების ატაშეებთან

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საქართველოში აკრედიტებული საელჩოების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და უსაფრთხოების ატაშეებთან გაერთიანებული შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე აღინიშნა ის საფრთხეები და გამოწვევები, რომელთა წინაშეც დგას დღეს საერთაშორისო საზოგადოება და ხაზი გაესვა ტერორიზმთან ბრძოლისა და სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის განმტკიცების მნიშვნელობას.მხარეებმა ისაუბრეს საერთაშორისო თანამეგობრობის ერთიანობისა და ინფორმაციული მიმოცვლის მექანიზმების დახვეწის აქტუალურობასა და მნიშვნელობაზე. შეხვედრაზე მიმოიხილეს განხორციელებული რეფორმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის ძირითადი ასპექტები და განვითარების პერსპექტივები.

შეხვედრას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის უფროსი ლელა ჩიქოვანი, კონტრტერორისტული ცენტრის უფროსი ირაკლი ჩიმაკაძე, ანტიკორუფციული სააგენტოს უფროსი ლაშა ცომაია, საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი ირაკლი ბერაია და სამსახურის სხვა ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს პარტნიორი ქვეყნების: აშშ-ის (გამოძიების ფედერალური ბიუროსა და სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიუროს, თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს წარმომადგენლები, ასევე რეგიონალური უსაფრთხოების ოფიცერი), ავსტრიის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, ბელგიის, ბულგარეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, ესტონეთის, თურქეთის, იაპონიის, ისრაელის, იტალიის, ლატვიის, ლიტვის, საბერძნეთის, საფრანგეთის, ჩეხეთის, ნიდერლანდების, ყატარის, პოლონეთის, შვეიცარიის, სომხეთის, უკრაინის და უნგრეთის საელჩოების წარმომადგენლებმა, უსაფრთხოებისა და პოლიციის ატაშეებმა. ღონისძიებაში აგრეთვე მონაწილეობდნენ ევროპოლის, საქართველოში ნატო-სა და ევროკავშირის ოფისის, ევროკავშირის მონიტორინგის მისიისა და წითელი ჯვრის წარმომადგენლები.