ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

22-12-2022

კონტრსადაზვერვო საქმიანობის შესახებ პარლამენტის ნდობის ჯგუფმა ალექსი ბატიაშვილს მოუსმინა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ალექსი ბატიაშვილი პარლამენტის ნდობის ჯგუფს კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ ესაუბრა.

რეგიონში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, შეხვედრაზე განიხილეს ახალი გამოწვევები, ტენდენციები და არსებული ვითარების გავლენა კონტრსადაზვერვო საქმიანობის დაგეგმვასა და განხორციელებაზე.

ამასთან, ხაზგასმულ იქნა კონტრსადაზვერვო საქმიანობის გააქტიურება გაზრდილი მიგრაციული ნაკადის მონიტორინგზე, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან შესაძლო კავშირებში მყოფ პირთა გამოვლენისა და მათ მიმართ პრევენციული ღონისძიებების გატარების მიზნით.

როგორც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ განაცხადა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა წარმოადგინა ინფორმაცია უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების მისწრაფებების, დაინტერესების სფეროების თუ ობიექტების, მოქმედების მეთოდებისა და ფორმების და იმ ნაბიჯების შესახებ, რასაც უწყება ახორციელებს მათი საქმიანობის და გეგმების ხელშეშლის, ჩაშლის და ნეიტრალიზაციის მიზნით.

ირაკლი ბერაია: „აუცილებელია, ხაზგასმით აღინიშნოს, რომ ქართული კონტრდაზვერვა არის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების ბირთვი. ამ კუთხით სუს-ის საქმიანობა არის წარმატებული და ეს წარმატება გაზომვადია კონკრეტული ინდიკატორებით, მათ შორის ისეთით, როგორიცაა: ეროვნული ინტერესების საზიანოდ მოქმედი სუბიექტების ქვეყნიდან გაძევება, მათი ქვეყანაში შემოსვლის პრევენცია, მათი გეგმების მომზადების ეტაპზე გამოვლენა და აღკვეთა, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების და განვითარების უწყვეტობის და სტაბილური პროგრესის უზრუნველყოფა. უსაფრთხოების სამსახურს აქვს პოზიციები ყველგან, საიდანაც შესაძლოა მომდინარეობდეს საფრთხეები ჩვენი ქვეყნისა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ, აქვს წვდომა ყველა საჭირო ინფორმაციაზე, რაც აუცილებელია საქართველოს სასიცოცხლო ინტერესების დასაცავად და ეროვნული უსაფრთხოების სფეროში ინფორმირებული და დროული გადაწყვეტილებების მისაღებად“.

შეხვედრას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორი გიორგი ტრაპაიძე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე ესწრებოდნენ.