ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

23-12-2022

საერთაშორისო შეფასებით, კონტრტერორისტული საქმიანობის მიმართულებით საქართველო ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადგილს იკავებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობით გაიმართა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი და შესრულების მონიტორინგის განმახორციელებელი უწყებათაშორისი მუდმივმოქმედი კომისიის მეექვსე სხდომა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს წევრი უწყებების პირველმა პირებმა.

შეხვედრა კომისიის თავმჯდომარე გრიგოლ ლილუაშვილმა გახსნა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა შეაფასა მსოფლიოში, რეგიონსა და ქვეყანაში არსებული კონტრტერორისტული ვითარება და ყურადღება გაამახვილა ამ მიმართულებით საქართველოს მიერ განხორციელებულ აქტივობებზე, გაწეულ ძალისხმევასა და საერთაშორისო პარტნიორებთან წარმატებულ თანამშრომლობაზე. გრიგოლ ლილუაშვილმა მიმდინარე წელს კომისიის წევრი უწყებების მიერ სამოქმედო გეგმის შესრულების პროცესი დადებითად შეაფასა. მან აღნიშნა, რომ 2022 წლის განმავლობაში სტრატეგიითა და სამოქმედო გეგმით დასახული მიზნების უმეტესობა მიღწეულია, რაც პოზიტიურად აისახება ქვეყნის უსაფრთხოების გარემოზე.

„ჩვენი საქმიანობა კონტრტერორისტული მიმართულებით ხაზგასმულია მრავალ საერთაშორისო გამოცემაში. აღსანიშნავია, რომ იმ ანგარიშებში, რომელსაც ყოველწლიურად გამოსცემს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ჩვენი ქვეყანა, როგორც მდგრადი და ერთგული პარტნიორი კონტრტერორისტული მიმართულებით.

ჩვენი საქმიანობის შედეგად მიმდინარე წლის განმავლობაში არ მომხდარა არც ერთი ტერორისტული ინციდენტი, ასევე არ მისცემია არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას თუ მასთან დაკავშირებულ ჯგუფს გაძლიერების ან გააქტიურების შესაძლებლობა.

ეს წელი იყო მშვიდობიანი, რაშიც კონტრტერორისტულმა მიმართულებამ თავისი წარმატებული მუშაობით განსაკუთრებული წვლილი შეიტანა,“ - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი საბედაშვილმა სხდომის მონაწილეებს წარუდგინა კომისიის წევრი უწყებების აქტიური ჩართულობით მომზადებული კონტრტერორისტული სტრატეგიის 2022-2026 წლების სამოქმედო გეგმის 2022 წლის შესრულების ანგარიში-პრეზენტაცია. კომისიის წევრებმა მიიღეს ინფორმაცია იმპლემენტაციის პროცესის, განხორციელებული აქტივობების, მიღწეული შედეგებისა და არსებული გამოწვევების შესახებ.

უწყებათშორისი კომისიის სხდომაზე კონტრტერორისტული ცენტრის დირექტორის მოადგილე ბაჩა მგელაძემ მონაწილეებს გააცნო ქვეყანაში არსებული კონტრტერორისტული გარემო, ისაუბრა უწყების მიერ გატარებულ და დაგეგმილ ღონისძიებებზე.

ახალი კონტრტერორისტული სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის განხორციელების პირველი წელი კომისიის მიერ დადებითად შეფასდა და აღინიშნა, რომ მომდევნო წელი იქნება მეტად აქტიური, პროდუქტიული და მნიშვნელოვანი აქტივობებით დატვირთული.

სხდომის დასასრულს, კომისიის წევრებმა, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად მიიღეს კომისიის სხდომის შემაჯამებელი დოკუმენტი. გრიგოლ ლილუაშვილმა კომისიის წევრი უწყებების ხელმძღვანელებს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.